თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს რიგითი აკოპ მალხასიანის ოჯახს, რომელიც პარასკევს დედოფლისწყარო–სიღნაღი–თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბესთან ავტო–საგზაო შეთხვევის შედეგად დაიღუპა, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ავტოავარიაში 36 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ისინი დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში მოათავსეს. მოგვიანებით 28 სამხედრო გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას განაგრძობენ.
რვა სამხედრო, რომლებიც მნიშვნელოვნად დაშავდნენ, თბილისში გადმოიყვანეს. მათგან ოთხი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ოთხი, მძიმე მდგომარეობაში – ტრავმატოლოგიის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში.
ისინი სამხედრო სატვირთო მანქანაში იმყოფებოდნენ. მანქანა გზაზე გადაბრუნდა.
აკოპ მალხასიანი და დაშავებული სამხედროები საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზაზე მსახურობდნენ.
მალხასიანი შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2015 წლიდან მსახურობდა.
თავდაცვის სამინისტრო რიგითის დაკრძალვის ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლით „საგზაო მოძრაობისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.