თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რეგისტრირებულმა ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობამ წლის პირველ ნახევარში 3 ათას 137 შეადგინა, რაც 9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" შსს-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
მიუხედავად ავტოავარიების რაოდენობის ზრდისა, სიკვდილის შემთხვევები შემცირდა. წლის პირველ ნახევარში ავტოსაგზაო შემთხვევებს ქვეყანაში 265 კაცი ემსხვერპლა, რაც 6%-ით ნაკლებია 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
გასული წლის ნოემბერში საქართველოს შსს-მ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები შესთავაზა, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას ითვალისწინებდა. ცვლილებები ფარული პატრულირების დანერგვას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობის გაზრდასა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანის აკრძალვას ითვალისწინებდა.
ამ ბოლო პუნქტმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც კანონპროექტის განხილვა გადაიდო.