თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მაღალმთიან თუშეთში ავტოავარიას ისრაელის მოქალაქე ორი მცირეწლოვანი შეეწირა, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სავარაუდოდ, Toyota Land Cruiser-ის მარკის ავტომობილი კურორტ თორღვას აბანოსთან 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. უბედური შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.
ავტოავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც მაშველებმა ამოიყვანეს. ყველა ისრაელის მოქალაქეა.
დაშავდა ასევე ადგილზე მისული მაშველი — მან ფეხი დაიზიანა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.
საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი ნისლის გამო ცუდი ხილვადობა იყო.
დაშავებულები მაშველებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს თუშეთის გზაზე ბოლო დროს მომხდარი პირველი ავტოავარია არ არის. სექტემბერში Mitsubishi Pajero-ს მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა, დაიღუპა 21 წლის მამაკაცი, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
თუშეთის გზა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად მიიჩნევა. ის თელავსა და ომალოს აკავშირებს.