თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ პოლონურ კლუბ „გურნიკთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.
კონტრაქტის ვადა 24 წლის ქართველ ფეხბურთელსა და ქალაქ ლეჩნას კლუბს შორის 2016-2017 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
„ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი და კვლავ პოლონეთში ვითამაშებ. ახლა ჩემთვის მთავარია, ოპტიმალურ ფორმაში ჩავდგე და გუნდის ძირითად შემადგენლობაში გავიდე. „გურნიკში“ თავს მშვენივრად ვგრძნობ და კლუბის დასახმარებლად, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ“, — განაცხადა ძალამიძემ.
პოლონეთის ჩემპიონატში მე-12 ტურის შემდეგ „გურნიკს“ 11 ქულა და 13 გატანილი გოლი აქვს. ამ ეტაპზე გუნდი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ ძალამიძის მოსვლა „გურნიკის“ ფეხბურთის ხარისხზე იმოქმედებს და მისი უნარების წყალობით, მეტ გოლს გავიტანთ“, — აღნიშნა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ველკო ნიკიტოვიჩმა.
ძალამიძე 2012-2015 წლებში სხვა პოლონურ გუნდში — „იაგელონიაში“ გამოდიოდა, შემდეგ კი თურქულ „რიზესპორში“ გადავიდა, თუმცა თურქეთში ნახევარმცველის კარიერა ვერ დალაგდა, ის მოედანზე მხოლოდ ექვს მატჩში გამოვიდა.
ამა წლის აგვისტოში ძალამიძემ თურქულ კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა და თავისუფალი აგენტის სახით თბილისის „ლოკომოტივს“ შეუერთდა, სადაც ვარჯიშობდა.
ძალამიძე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.