თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. მოსკოვის საფეხბურთო კლუბი „სპარტაკი“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება „Р-Спорт“–ი გუნდის სპორტული დირექტორის სერგეი როდიონოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხელშეკრულების ვადა ქართველ ფეხბურთელ ჯანო ანანიძესა და „სპარტაკს“ შორის 2017 წლის ზაფხულში იწურება. თუმცა, ამ დროისთვის მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე ჯერ ვერ შთანხმდნენ.
„სპარტაკის“ რიგებში 24 წლის ნახევარმცველი 2009 წლის აგვისტოდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში ანანიძე 109–ჯერ გავიდა მინდორზე, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.
უნდა აღინიშნოს, რომ ანანიძისთვის ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის ჩემპიონატის ექვს თამაშში და ოთხი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ანანიძემ 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.