თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საუკეთესო ქართველ ლეგიონერად მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დასახელდა. ასეთია Sputnik-ის მკითხველის 22,4%-ის აზრი, რომელმაც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. კითხვა ასეთი იყო: „ვის თვლით 2015/2016 სეზონის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად?“
იმის თქმა, რომ ანანიძისთვის სეზონი წარმატებული იყო, არ შეიძლება. გასული წლის სექტემბერში ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და მინდორზე დაბრუნება მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, წინასასეზონო ვარჯიშის დროს შეძლო.
მას შემდეგ, რაც ანანიძე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, ის თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოდიოდა და ექვს ჩატარებულ მატჩში ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
გამოკითხვის შედეგებით, მეორე ადგილი 15.8%-ით კიდევ ერთმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ დაიკავა, რომელიც გერმანულ „დუისბურგში“ თამაშობს.
ლიდერთა სამეულს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ფრანგული „რეიმსის“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ხურავს. მას მკითხველის 14.5%-მა მისცა ხმა.
უახლოეს მომავალში Sputnik-ი საუკეთესო ქართველი ლეგიონერების ტოპ-შვიდეულს წარმოგიდგენთ.