თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ათ მსხვილ სამედიცინო კლინიკაში ინფექციების კონტროლის განმეორებითი მონიტორინგი მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე, კონტროლი ამ მიმართულებით თბილისის 10 კლინიკაში, 6 თვის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც დაწესებულებებს შესასრულებელი მოთხოვნები წარედგინათ. ამ ეტაპზე კი გაცემული რეკომენდაციების შესრულება ფასდება. თითოეულ კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგი ორ დღეს გაგრძელდება, შემოწმება ოქტომბრის ბოლოს ათივე სამედიცინო დაწესებულებაში დასრულდება, რის შემდეგაც შედეგები დამუშავდება და 10 ნოემბრისთვის ანალიზი მომზადდება. შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები გაიცემა და კლინიკებს შესასრულებლად მიეწოდება.
„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, თუმცა მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში უწყება იტოვებს უფლებას, იმსჯელოს იმ ქმედებების მასშტაბებზე, რაც უნდა განხორციელდეს კლინიკების მიმართ,“ — აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში თავად დაესწრო მონიტორინგის პროცესს.
ინფექციების კონტროლის მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორთა ჯგუფი სტაციონარული დაწესებულების გარემოს, დაწესებულების შენობის მდგომარეობას, ეზოს სისუფთავეს, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტს, წყალმომარაგების სისტემას, სათავსების სისუფთავეს, თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აფასებს.