თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ და ბერძნულმა საფეხბურთო კლუბმა AEK კონტრაქტი გაწყვიტეს, იუწყება ათენის გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.
„AEK-მა ქეცბაიასთან თანამშრომლობა დაასრულა. ჩვენ მადლობას ვუხდით მას კლუბში გაწეული მუშაობისთვის და შემდგომ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, — აღნიშნულია გუნდის განცხადებაში.
კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქეცბაია AEK-ს მიმდინარე წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში. ქართველი სპეციალისტის ხელშეკრულება 2017/2018 წლების სეზონის დასრულებამდე იყო გათვლილი.
ქეცბაიას ხელმძღვანელობით AEK-მა საბერძნეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში ხუთი მატჩი გამართა. აქედან კლუბმა სამჯერ გაიმარჯვა, ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა, ხოლო ერთი — AEK-ის წაგებით.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ქეცბაიას გადადგომის შესახებ, რიგ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია უახლოეს მომავალში ადგილობრივ „ანორტოსისს“ უხელმძღვანელებს, რომელსაც ქართველი მწვრთნელი უკვე ხელმძღვანელობდა 2007-2009 წლებში.
„ანორტოსისი“ ქეცბაიას პროფესიულ კარიერაში ბოლო კლუბი იყო. მან გუნდში ხუთი სეზონი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.