თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. შოთა არველაძემ, რომელიც თელ-ავივის“ საფეხბურთო კლუბ „მაქაბის“ უდგას სათავეში, გუნდი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
პლეი-ოფის რაუნდში ისრაელის ფეხბურთელებმა ხორვატიის „ჰაიდუკს“ სძლიეს.
„მაქაბიმ“ საკუთარ მოედანზე 2:1 გაიმარჯვა, ხოლო გასვლით თამაშში ასეთივე ანგარიშით წააგო. გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ ვერ გამოავლინა. გუნდებს პენალტების სერიის ჩატარება მოუწიათ, სადაც არველაძის გუნდი უფრო ძლიერი აღმოჩნდა (4:3).
უეფას ევროპის ლიგის კენჭისყრა დღეს, 26 აგვისტოს, მონაკოში გაიმართება და თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
43 წლის ქართველი სპეციალისტი „მაქაბის“ სათავეში მიმდინარე წლის ივნისში ჩაუდგა. ხელშეკრულება არველაძესა და ისრაელის კლუბს შორის ორ წელზე გათვლილი სისტემით 1+1. მანამდე არველაძე ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობდა.