თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik, მარია შელუდიაკოვა.
სამეცნიერო ცოდნის ღირებულების განსაზღვრა არც ისე ადვილია, როგორც შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს. ძმებ ლუმიერებს, რომლებმაც გამოსახულების ჩაწერისა და შემდგომში მისი გამოსახვის ყველაზე წარმატებული სისტემა აღმოაჩინეს, კინემატოგრაფიის მომავლის არ სჯეროდათ, ხოლო კონსტრუქტორ ოლივერ ევანსს ორთქლმავლის დაპატენტების საშუალება არ მისცეს და მის აზრს სულელური ფანტაზია უწოდეს.
ყოველწლიურად ნობელის კომიტეტი მეცნიერების სხვადასხვა სფეროს ასობით მეცნიერს შორის ღირსეულებს ირჩევს და ამ არჩევანით შეიძლება მსჯელობა, საით მიემართება მეცნიერული გონების ვექტორი, შედეგად კი მომავალში ჩახედვაც.
ნობელის კომიტეტის 2016 წლის არჩევანმა ცხადყო, რომ XXI საუკუნის მეცნიერება პრაქტიკული ცოდნისკენ მიისწრაფის.
არჩევანი გაკეთდა იმ მეცნიერებზე, რომელთა კვლევების გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკაში და რომლებიც უჩვენებენ, როგორი იქნება ტექნოლოგიები უკვე უახლოეს ხანებში. ნობელის პრემიის მიღება ნიშნავს, რომ აღნიშნული კვლევების შედეგები დიდი ალბათობით განხორციელებას პოვებს ცხოვრებაში.
ძირითადი დასკვნა, რის საშუალებასაც 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების დასახელება იძლევა, ის არის, რომ ინოვაციური აღმოჩენები უკვე მოლეკულურ დონეზე კეთდება.
ფიზიკა: კვანტური კომპიუტერები
ამერიკელებმა ჯონ მაიკლ კოსტერლიცმა, დევიდ ტულესმა და ბრიტანელმა დუნკან ჰელდეინმა ნობელის პრემია მატერიის „უცნაური“ ფორმების შესწავლაში მიიღეს. მეცნიერებმა ნივთიერებების თვისებების ცვლილება შეისწავლეს სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში.
თითქოს უკვე მრავალჯერ გავლილი თემაა, მაგრამ ფიზიკოსებმა კვლევებისას გამოიყენეს ტოპოლოგია, რომლის საშუალებითაც ახსნეს ზეგამტარობის (ელექტრული წინაღობის არარსებობა) წარმოქმნა. მეცნიერებმა ტოპოლოგიური გადასვლები და მატერიის ტოპოლოგიური ფაზები შეისწავლეს, რითიც „კარი შეაღეს უცნობ სამყაროში“, სადაც მატერიას არაჩვეულებრივ მდგომარეობაში შეუძლია ყოფნა — ე.ი. არა მყარ, თხევად, აირად ან პლაზმურ მდგომარეობაში.
ამჟამად ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიღებული ცოდნა მატერიებზე, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას კვანტური კომპიუტერებისათვის, რომლითაც ელექტროტექნიკის ახალი ერა დაიწყება.
ქიმია: ენერგიის შენახვის „მოლეკულური“ სისტემები
ქიმიის დარგში 2016 წლის ნობელის პრემია ჰოლანდიელ ბერნარდ ფერინგს, ფრანგ ჟან-პიერ სოვაჟს და შოტლანდიელ ჯეიმს ფრეიზერ სტოდდარტს მიენიჭათ მოლეკულური მანქანის შემუშავებისა და შექმნისთვის.
ქიმიკოსებმა მოლეკულები გამოიყენეს როგორც კონსტრუქტორის დეტალები და მათგან მინიატურული აპარატები შექმნეს.
ჟან-პიერ სავაჟი მოლეკულური არქიტექტურების მექანიკური ურთიერთბლოკირების სფეროში პიონერია. ნობელის კომიტეტის ცნობაში ნათქვამია, რომ კვლევებმა ტექნიკაში მინიატურიზაციის სფეროში ქიმია ახალ განზომილებაში გადაიყვანა და უახლოეს ხანებში ნამდვილ რევოლუციას მოახდენს. მოლეკულური მანქანების დანახვა მიკროსკოპითაც კი შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს ახალი სიტყვაა ტექნიკაში — ასეთი მანქანები საჭირო იქნება ახალი მასალების შესაქმნელად, სენსორებისა და ენერგიის შესანახად.
ბიოლოგია: პარკინსონის გასაღები
წელს ნობელის პრემიის მიღების შესახებ იაპონელმა მეცნიერმა, ბიოლოგმა ესინორი ოსუმიმ გაიგო. მისი ღვაწლი აუტოფაგიის („უჯრედისშიდა ნაგვის“ განადგურების) მექანიზმის გამოკვლევის გამო აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფეროში პრემია ერთ ადამიანს არ რგებია.
1980-ინი წლების ბოლოდან ოსუმი ცდილობდა გაერკვია, როგორ ახერხებენ უჯრედები თავიდან მოიცილონ უსარგებლო მოლეკულები. ბიოლოგმა აღმოაჩინა ლიზოსომები, სპეციალური ორგანოიდები, რომელშიც მოთავსებული იყო სხვა უჯრედული სტრუქტურების ნახევრადდაშლილი ფერმენტები, ასევე აუტოფაგოსომები — „ურიკები“ უჯრედის არასაჭირო ფრაგმენტების გადასატანად. გაირკვა, რომ მათ აკრავთ სპეციალური მემბრანა, რომელშიც ფერმენტები ანაწევრებენ „ნაგავს“ მარტივ შემადგენლებად.
აღმოჩენას მედიცინის ბევრი სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. „თვითგანადგურება“ უჯრედებს ეხმარება რესურსების უკმარისობის კომპენსაციაში — ისინი იწყებენ საკუთარი ენერგეტიკული მარაგის გამოყენებას. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერებით შეიძლება სიმსივნური წარმონაქმნის რესურსების დაუძლურება და ამით მისი განვითარების შეჩერება.
უფრო მეტიც, ოსუმის აღმოჩენა ნათელს ჰფენს პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებებს. ისინი ვითარდებიან ნერვულ უჯრედებში გაყოფილი პროტეინების დაგროვების გამო – აუტოფაგოსომები და ლიზოსომები ვერ ასწრებენ მათ განლევას.
ეკონომიკა: რეალური ბიზნესის თეორია
2016 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ბრიტანელმა ეკონომისტმა ოლივერ ჰარტმა მიიღო — „კონტრაქტების თეორიის განვითარებაში წვლილისათვის“.
ამ თეორიის გარდა, მისი კვლევები ეძღვნება ფირმის თეორიას, კორპორატიულ ფინანსებსა და სამართლის ეკონომიკის საკითხებს.
კონტრაქტების თეორიის დარგში კვლევები ჰარტმა ბენგტ ჰოლმსტრემთან ერთობლივად განახორციელა, მიკროეკონომიკურ თეორეტიკოსთან, რომლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები სტიმულების თეორიას უკავშირდება.
მეცნიერებმა შეიმუშავეს კონტრაქტების გაგების ახალი თეორიული ინსტრუმენტები. მათი კვლევები საფუძვლად დაედო კანონმდებლობას გაკოტრების შესახებ.
მშვიდობის პრემია: პოლიტიკური ჟესტი
2016 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიიღო „ქვეყანაში ნახევარსაუკუნოვანი ომის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისათვის“.
ბევრი პოლიტოლოგი მიანიშნებს, რომ ნობელის კომიტეტი ცდილობს გავლენა მოახდინოს მსოფლიო პოლიტიკაზე. თუმცა ეს სურვილი გულუბრყვილოდ გამოიყურება.
ლიტერატურის გასამართლება
ყველაზე მეტი მითქმა-მოთქმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემამ გამოიწვია. კომიტეტმა 2016 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი მუსიკოსი ბობ დილანი აღნიშნა. თუმცა ბევრი თანხმდება, რომ ლიტერატურული პრემიის საზღვრები გაფართოვდა.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიების გაცემაზე პასუხისმგებელი შვედეთის აკადემია შაბლონების გარღვევის გზით სვლას განაგრძობს. კომიტეტის არჩევანმა იმ პირთა უკმაყოფილებისა და აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია, ვინც თვლის, რომ ბობ დილანის პოეზია ნაკლებად „ნობელურია“, ვიდრე გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოებები. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ შვედმა აკადემიკოსებმა ნობელის ლიტერატურული პრემიის რეპუტაცია აღადგინეს.