თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სს "პროგრეს ბანკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ, — იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.
როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს "თიბისი ბანკმა" შეიძინა.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "პროგრეს ბანკის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებმა უნდა წამოადგინონ ბანკის ვალდებულებების შესაბამისი დოკუმენტაცია.
"იმ შემთხვევაში, თუ 5 დღეში არ მოახდენთ თქვენი კუთვნილი თანხების ბანკიდან გატანას, მაშინ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–4 მუხლის მე–11 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორთა თანხების აკუმულირება მოხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებთ თქვენი კუთვნილი თანხების მიღებას», — მიმართავს ეროვნული ბანკი "პროგრეს ბანკის" კრედიტორებს.