თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართულ საზოგადოებას ვაცნობებ, რომ უახლოეს კვირებში იწყება რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის დაბრუნება, განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს პრაღაში გამგზავრების წინ.
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება პრაღაში.
„შემიძლია ერთი თემა დავაანონსო, საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას: უახლოესი კვირების მანძილზე იწყება პროცესი ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანისა რუსეთიდან“, — აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ქართული ფილმების არქივის მოსკოვიდან თბილისში ჩამოტანის საკითხი საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მთელი ამ წლების მანძილზე რუსული მხარე უარს აცხადებდა საბჭოთა პერიოდში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებული ფილმების ორიგინალების გადმოცემაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც გრიგორი კარასინთან იმსჯელებს პრაღაში, ეს რუსეთის მხრივ სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხია.
„მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ და მოვისმენთ ამას, და თუ იქნება რაიმე ინფორმაცია, ჩამოვიტანთ“, — განაცხადა აბაშიძემ.
მან იქვე ისიც დაამატა, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან რუსეთმა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგრძნობლად გაამარტივა.