თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცი, რომელმაც სოხუმში სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე აიფეთქა თავი, ამზადებდა თავდასხმას პოლიტიკურ მოღვაწეზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ დეფაქტო ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანზე მუჰამედ კილბაზე დაყრდნობით.
ორშაბათს, 8:05 საათზე, უცნობმა პირმა აფხაზეთის ტელევიზიის კომპლექსში თავი აიფეთქა. დე-ფაქტო მთავრობის შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა, რომ ამ კაცს ჰქონდა ბომბი დამაზიანებელი ელემენტებით.
აფეთქების ფაქტზე ადგილობრივმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით — „ტერორიზმის აქტი“ და ასაფეთქებელი ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგოდ შენახვა, გადაადგილება და ტარება.
„იგი ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ განეხორციელებინა თავდასხმა კონკრეტულ პოლიტიკურ პირზე“, — განაცხადა კილბამ. მისი თქმით დაღუპულის ვინაობა დადგენილია და ცნობილია, რომ იგი ადრე ნასამართლევია. აფხაზეთში იგი 2 ოქტომბრიდან იმყოფებოდა.
კილბას ინფორმაციით, ამ საქმის გამოძიებაში ჩართულია ყველა ძალოვანი უწყება. კერძოდ დგინდება დაღუპულის კავშირები რუსეთში, რაშიც რუსი სამართალდამცველებიც არიან ჩართულნი.