თუმცა შემოქმედებითი პაუზისთვის დროის გამონახვას მაინც ყოველთვის ახერხებს. მით უფრო, რომ თითქმის ყველა მისი სიმღერა შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულად მოკლე დროში, სულ რაღაც 15 წუთშია დაწერილი.
— ამჟამად შემოსავლების სამსახურში ვმუშაობ, ეს სერიოზული სამსახურია და ჩემი საქმის კეთება ძალიან მსიამოვნებს. მიხარია, რომ აქ მუშაობის საშუალება მომეცა და ამ სამსახურის აპარატის თანამშრომელი ვარ. მკითხველს ვეტყვი, რომ მე სწორედაც პრაგმატული პროფესია მაქვს და არა ერთი: განათლებით ინჟინერ- მექანიკოსი ვარ, ქართულად და რუსულად საკმაოდ რთულ დისციპლინაში ლექციებსაც ვკითხულობდი და არა ერთი წელი. ჩემი მეორე პროფესიაა —ეკონომისტი, ასევე გარკვეულ ცოდნას ვფლობ მარკეტინგში, სარეკლამო, სადაზღვევო და საბანკო ბიზნესში, ვიცი ფრანგული ენა.
-ახლა შემოქმედებითი თვალსაზრისით რა ხდება და მაინტერესებს ეს სრულიად განსხვავებული ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს ხომ არ უშლის, თუ პირიქით ავსებს?
— ჩემთვის ძირითადი პროფესიები სხვაა და შემოქმედებითი მხარე- სხვა… მათი გადაკვეთა არ ხდება. სამუშაო საათებში ვმუშაობ და სიმღერის დაწერისთვის კი 15 წუთი მჭირდება. იმ ადამიანებთან ურთიერთობას ვინც ამ სიმღერებს მღერის, ყოველ დღე ვახერხებ. ასე რომ, ისინი ერთმანეთს ხელს არაფრით არ უშლის, თანაც თქვენ კარგად იცი, რომ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს და არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც რომელიმე საქმეს დააზარალებს. დროს ყველაფრისთვის თანაბრად ვანაწილებ.
-ნანა, თქვენი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა რომელია?
— ბოლო სიმღერა, რომელიც ჯერ არ ჩაშვებულა რუსული რომანსია.. ესაა პირველი შემთხვევაა, როცა რომანსის დაწერის სურვილი გამიჩნდა. საერთოდ ძალიან რთულია რომანსის დაწერა, იმიტომ, რომ თუ რაიმე საუკეთესოა, ყველაფერი უკვე დაწერილია. რომანსი ბათუმელი არაჩვეულებრივი პოეტის, ვახტანგ ღლონტის ლექსზე დავწერე. ბატონ ვახტანგთან შემოქმედებითად ბევრი რამ მაკავშირებს. ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს და მომავალშიც ვგეგმავთ. მის ლექსზე შექმნილი ცემი ახალი სიმღერა, ამბობენ, რომ კარგია. ისიც ვიცი, მას ვინ იმღერებს და ეს დიდი სიურპრიზი იქნება მაყურებლისთვის, ამიტომ ამის წინასწარ გამხელა არ მინდა. იმ კონკრეტული მომღერლის შერჩევა მსმენელისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იქნება და ვეცდები, რომ ეს მალე მოხდეს.
- ახალი სიმღერა რა თქმა უნდა სიყვარულზე იქნება, არა?
— აბა, როგორ ფიქრობთ?!- სიყვარულის ღმერთზე…
-საბავშვო სიმღერების ავტორიც ხარ...
— დაწერილი მაქვს რამდენიმე საბავშვო სიმღერა, საერთოდ ეს რთული სფეროა, მე თვითონ ბრწყინვალე გენიალური კომპოზიტორების სიმღერებზე გავიზარდე. ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რაც შევასრულე, ეს ნუნუ გაბუნიას სიმღერა იყო, ამიტომ მეც ფრთხილად მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობა და როგორც ამბობენ, კარგი გამოვიდა…
-სხვადასხვა საინტერესო შემოქმედებითი პროექტების ავტორი ხართ…
— დიახ და მათ შორისაა „მომღერალი მიმტანები“, რომელსაც ანალოგი არა აქვს და ეს ჩემი ექსკლუზიური პროექტია. იგი დღემდე გრძელდება და ამ მხრივ კიდევ ბევრი საინტერესო შემოთავაზება გვაქვს. ამ პროექტს ანსამბლ „თეატრონთან“ ერთად ვაკეთებ. ეს მარტო სიმღერას არ მოიცავს, ესაა მოულოდნელობებით დატვირთული პროექტი, რომელიც მაყურებლის წინაშე ყოველ ჯერზე ახალი პროგრამით წარდგება. ამიტომ ჩვენი რეპერტუარი მრავალფეროვანი და მრავალენოვანია. ამ სიახლით აღფრთოვანება ყოველ ჯერზე მატულობს და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.
-ამასობაში მომღერლებმა უკვე პროფესიონალურად აითვისეს მეორე, მიმტანის პროფესიაც…
— „თეატრონში“ მომღერლები და განათლებით მსახიობები არიან, ამასთან სრულფასოვანი მიმტანებიც გახდნენ, რადგან არა ერთხელ გაიარეს სპეციალური ტრენინგი, რომ სტუმრებს მაღალპროფესიულ დონეზე მოემსახურონ. ეს მარტო დადგმა არ არი-ს ეს სერიოზული მომსახურეობაა.
- თქვენი ქალაქური სიმღერები პოპულარულია და მათ შორის თბილისზე სიმღერებიცაა.
— თბილისზე სიმღერებს ძალიან დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები. ეს ის ქალაქია, რომლის ჰაერში სულ სხვა სურნელია და რასაც ყველა სხვა სურნელში გამოვარჩევ… ეს ჩემი სიყვარულის ქალაქია და მასზე სიმღერების წერა არასოდეს მომბეზრდება. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას, ვისაც გულწრფელად უყვარს ჩვენი ქალაქი თბილისობას ვულოცავ…