თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის დასაწყისიდანვე ატარებს სარეკლამო კამპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ზამთრის სეზონზე ქვეყანაში ტურისტები მოიზიდოს.
2016 წელს საქართველოს 486 უცხოელი ჟურნალისტი და 256 ტუროპერატორი ეწვია ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, ხოლო ტურიზმის ადმინისტრაციამ 15 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, წლის დასაწყისიდან დღემდე მომზადებულია დაახლოებით 600 სტატია, ბლოგი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ინტერნეტ-მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს 12 ქვეყანაში ტარდება.
ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო ვებგვერდზე tripAdvisor, ხოლო რეკლამა ზამთრის საქართველოს შესახებ გადაიცემა უკრაინული, რუსული, ბელორუსული და ყაზახური ტელევიზიებით.
გარდა ამისა, მზადდება და კეთილეწყობა ზამთრის კურორტები, მიმდინარეობს მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ზამთრის კურორტების მმართველები ახლა ტრენინგებს გადიან საქართველოსა და საფრანგეთში. მათ კომპეტენციაში შედის მარკეტინგი, ტექნიკის, ეკიპირებისა და პერსონალის შერჩევა, სტუმრებისა და პერსონალის უსაფრთხოება, საბაგირო გზებისა და სამთო-სათხილამური ტრასების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობა.
2011-2012 წლებთან შედარებით, საქართველოს ზამთრის კურორტების სტუმართა რაოდენობა 127%-ით გაიზარდა.