მხატვრის სიყვარულის უარმყოფელი მარიამ ბაგრატიონ-მუხრანელი გათხოვდა. მისი მეუღლე მდიდარი ტფილისელების, სომეხი ყორღანოვების შთამომავალი გახდა. ორივენი ინგლისურ ენას ასწავლიდნენ. მერე მარიამი დაქვრივდა და ისევ მარტო დარჩა…
ემიგრაციაში წასული უმცროსი და ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი მარიამს უყურადღებოდ არ ტოვებდა — მოდურ სამოსს უგზავნიდა ხოლმე უცხოეთიდან და მარიამი მუდამ კოხტად და ძვირფასად ჩაცმული დადიოდა. ის კი არა, ერთხელ ავტომობილიც კი მიიღო საჩუქრად, რაღა თქმა უნდა, უცხოური. მანქანა გაყიდა და დაბაში, რომელსაც „ზავეტი ილიჩა“ ერქვა, აგარაკი შეიძინა.
თურმე, როცა მარიამი დასთან სატელეფონო საუბარს უკვეთავდა ხოლმე, ტელეფონისტი ქალის სიტყვებზე „Вас вызывают „Заветы Ильича“, ლეონიდას სისხლი ეყინებოდა ძარღვებში. საყვედურობდა კიდეც უფროს დას, არ შეიძლებოდა, აგარაკი სადმე, წესიერ სახელიან ადგილას გეყიდაო?
მარიამ ბაგრატიონ-მუხრანელი სათუთად ინახავდა სამეფო ოჯახის კუთვნილ ნივთებს. მათ შორის, ხალიჩას, რომელიც მეგობარ ოჯახს დაუტოვა ანდერძით. მარიამის გარდაცვალების შემდეგ ამ ოჯახს ხალიჩის მუზეუმისთვის მიყიდვა განუზრახავს, მაგრამ დირექციას ხელები უმწეოდ გაუშლია, ამ საგანძურის საყიდელი ფული არ გაგვაჩნიაო.
მხატვარ ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი, ჩუქურთმა გუდიაშვილი იხსენებს:
„ჩემმა დამ, ანანომ და მისმა საქმრომ ქორწილამდე მარია გიორგევნას შეუარეს — ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა, პირველ სართულზე — და მან საიმპერატორო სერვიზიდან უძვირფასესი თეფში აჩუქა წყვილს…
ერთხელ პარიზში ვსტუმრობდი ლეონიდასთან. სწორედ იმ პერიოდში იყო დასთან ჩამოსული მარიამიც. სურათის გადაღება გვინდოდა და ლეონიდას მეუღლეს, დიდ თავად ვლადიმირ კირილოვიჩს ვთხოვე, თქვენც გადაიღეთ ჩვენთან ერთად ფოტო-მეთქი. მიპასუხა, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვშიშობ, ამან ბიოგრაფია არ გაგიფუჭოთო. მაინც გადავიღეთ სურათი…
როგორი იყო მარიამ ბაგრატიონ-მუხრანელი? მტკიცე ხასიათის ქალი იყო, საკმაოდ დისტანციური. გარეგნობაზე არაფერს ვიტყვი…“
ქართული სამეფო გვარის ჩამომავალმა ქალბატონმა დიდხანს იცოცხლა, 90 წლისა გარდაიცვალა. მცხეთაში დაკრძალეს, სვეტიცხოვლის მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულო საძვალეში…
არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, სოლიკო ვირსალაძის სიყვარული რომ მიეღო. როგორც მანანა ხიდაშელი იხსენებს, რეპრესიებს მათი ოჯახიდან მხოლოდ სოლიკო გადაურჩა, დანარჩენებმა საკუთარ ტყავზე იწვნიეს 37-იანების სიმძიმე.
„დედა დააპატიმრეს. გამომძიებელში ძალიან გაუმართლა. დაკითხვის შემდეგ დედაჩემისთვის უთქვამს, ოქმზე ხელი ეგრევე შენი ბოლო სიტყვების ქვეშ მოაწერე, რომ თავისუფალი ადგილი არ დარჩეს, თორემ, რასაც უნდათ, იმ აღიარებას ჩაამატებენო. დედა ასეც მოქცეულა და სწორედ ამის წყალობით გადარჩენილა — ის ბანაკში გაამწესეს, მასთან ერთად დაპატიმრებულები კი დახვრიტეს.
დედა მთელი ცხოვრება მადლიერი იყო იმ გამომძიებლისა, რომელსაც ლეო აბაშიძე რქმევია. როგორც მერე გავიგეთ, ერთ-ერთ პარტიულ ყრილობაზე ხმამაღლა უთქვამს, მაინცდამაინც სწორი მეთოდებით არ მუშაობს ჩვენი უწყებაო და… იმავე დღეს დაუხვრეტიათ.
… ციხის საკანში დედასთან ერთად ბოშა ქალი ყოფილა, ყველა პაიცარკას ეძახდა თურმე. ერთხელაც ამ პაიცარკას კარტზე უმკითხავია დედაჩემისთვის და უთქვამს, მალე შინაურებს კი შეხვდები, მაგრამ სახლისკენ გზას ვერ ვხედავო. დედა დაბნეულა. საკნის ფანჯარასთან მისულა, ეზოში გადაუხედავს და იქ… მამამისი დაუნახავს. ისიც იმ დღეს დაეპატიმრებინათ. დედას ასანთის ნამწვით კოლოფზე თავისი სახელი დაეწერა, „ლელეტა“ და ფანჯრიდან გადაეგდო. ბაბუას მოუსწრია და აუღია. მალე ის დაუხვრეტიათ, დედა კი, როგორც გითხარით, ბანაკში გაუგზავნიათ.
მე ბებია მზრდიდა. ორი წელი არაფერი ვიცოდით დედაზე. მერე კი უცბად წერილი მოვიდა ბანაკიდან. თურმე იმ ქალებისთვის, ვისი შვილებიც ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ, მიმოწერის უფლება მიეცათ. დედასაც შემთხვევით ესარგებლა და კონვერტზე დეიდამისის მისამართი მიეთითებინა: „თბილისი, ბავშვთა სახლი, ცხინვალის ქუჩა, დირექტორ ნინა მესხს“, წერილში კი დაეწერა, ვიცი, რომ ჩემი შვილი მანანა ხიდაშელი თქვენთანაა ბავშვთა სახლში. გადაეცით, რომ დედამისი ცოცხალია და პოტმას ბანაკში იმყოფებაო“.
მოკლედ, ვირსალაძეების ოჯახის წევრთა ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ წიგნის დაწერაც შეიძლება და ფილმის გადაღებაც. მანანა ხიდაშელი შემპირდა კიდეც, რომანს დავწერო და ახლა ხშირ-ხშირად ვახსენებ პირობას.
აი ახლაც, ეს ფრაზა დავწერე და უცბად საოცრად მომინდა ისევ ვეწვიო ცისვაზიან სახლს ქუჩაზე, რომელიც ახლა სოლიკო ვირსალაძის სახელს ატარებს…