თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ილია კოკაიას შტაბი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც კოკაიას წარმომადგენლები ზესტაფონის ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ფულს ურიგებდნენ.
ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ილია კოკაიას შტაბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ზესტაფონის საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი დილით მშვიდ ვითარებაში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია: „დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ილია კოკაიას წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველებს, რომლებიც იმის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენენ, რომ არჩევანი ილია კოკაიას სასარგებლოდ გააკეთეს, გარკვეული რაოდენობის თანხას ურიგებენ.“
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ეს პროვოკაციაა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას, ასევე იალია კოკაიას იმიჯის შებღალვას ემსახურება.
არაერთმა მედია-საშუალებამ სცადა „ქართული ოცნებისგან“ მიეღო კონკრეტული ინფორმაცია მათ მიერ საკმაოდ ზოგადი ხასიათის განცხადებაზე. თუმცა, არც ადგილობივი და არც ნაციონალურ ტელევიზიების კითხვებს მმართველი პარტიის ოფისში არ უპასუხეს.
ჩენი მხრიდან, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული დეზინფორმაცია და აბსურდია.
აქვე დავძენთ, რომ ქალაქ ზესტაფონის საარჩევნო უბნებზე ჩვენი შტაბის აქტივისტებს დაუდგენელი პირები აჩერებენ, ჩხრეკენ და პირად ნივთებს ართმევენ. ჩვენ ჩვენი მხრივ, უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს — ეუთოს, IRI-ს, ასევე სახალხო დამცველის ოფისს.
ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით პროვოკაციას“, — ნათქვამია განცხადებაში.