თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ანტონიუ გუტერიში დაამტკიცა. გაეროს მეცხრე ხელმძღვანელი მოვალეობების შესრულებას 2017 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.
პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ანტონიუ გუტერიშის კანდიდატურა კონსენსუსით მოიწონეს. „ვიღებ გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას, მივიღოთ აკლამაციით A/71/L4 რეზოლუციის პროექტი“, — განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ პიტერ ტომსონმა.
მანამდე გუტერიშის კანდიდატურა გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა. გუტერიშის უფლებამოსილების პირველი ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება.
გუტერიშის არჩევით მსოფლიო ორგანიზაციას უკვე მეხუთედ დასავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
ორგანიზაციის ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, რომელიც თავისი მემკვიდრის დანიშვნის ცერემონიას ესწრებოდა, ანტონიუ გუტერიშის კანდიდატურას „ამ ორგანიზაციის მართვისთვის შესანიშნავი კანდიდატურა“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ თავად გუტერიშს გაეროს შესახებ არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ადგილია მუშაობისთვის. „10 წელი თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ ამას სრულად ვიზიარებ“, — განაცხადა პან გი მუნმა.
„არჩეული გენერალური მდივანი გუტერიში ყველა ჩვენგანისთვის კარგად არის ცნობილი. ცნობილია მისი თვისებები შეიარაღებული კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოწინავე ხაზზე“, — განაცხადა პან გი მუნმა. მან აღნიშნა გუტერიშის ათწლიანი მუშაობა გაეროს უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე და ხაზი გაუსვა მის „სერიოზულ და ღრმა პოლიტიკურ გამოცდილებას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის ორი ვადის ჩათვლით“.
პან გი მუნის განცხადებით, გუტერიში აერთიანებს „კომპეტენციის, პატიოსნებისა და ლიდერობის მაღალ სტანდარტებს, რაც ამ თანამდებობისთვის აუცილებელია“.