თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის არჩევნების ფავორიტი პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიუ გუტერიში გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ოფიციალური კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართება.
„დღეს, კენჭისყრის მეექვსე რაუნდის შემდეგ აშკარა ფავორიტი გვყავს. მისი სახელია ანტონიუ გუტერიში. ხვალ, დილით ფორმალური კენჭისყრის ჩატარება გადავწყვიტეთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს დამტკიცებული იქნება“, — განაცხადა ჩურკინმა.
ფავორიტის ვინაობის დასახელების ცერემონიაზე ჟურნალისტებთან უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრი გამოვიდა. როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ჩურკინმა საარჩევნო რბოლის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა. გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე პრეტენდენტების სიაში 13 ადამიანი იყო. კენჭისყრის ამჟამინდელი რაუნდის წინ 10 კანდიდატი დარჩა.
პორტუგალიის ექს-პრემიერი და გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილების საკითხებში ანტონიუ გუტერიში რბოლის ლიდერი უშიშროების საბჭოს კენჭისყრის პირველივე დღეს — 21 ივლისს გახდა და პირველი პოზიცია არც ერთხელ არ დაუთმია.
გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა „დიდი მიღწევა“ უწოდა იმას, თუ „როგორ აჩვენა თავი კანდიდატმა“ და ასევე მაღალი შეფასება მისცა მის გამოცდილებას. მისი განცხადებით, „უშიშროების საბჭოს ყველა უთანხმოების მიუხედავად ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეების გაცნობიერებაში“.
„შედეგად მივიღეთ კანდიდატი, ვისი გამოცდილებაც, მსოფლიოს ხედვა და ფართო შეხედულებები სხვადასხვა სფეროებზე იყო დამაჯერებელი და უმაღლეს დონეზე უდავო და, ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თითოეული ჩვენგანი — ერის წარმომადგენელია, და თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პოზიცია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“, — განაცხადა პაუერმა.
კანდიდატი გენერალური მდივნის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან უმრავლესობამ — 9 წევრმა უნდა მოიწონოს, ამასთან მის წინააღმდეგ ხმა არ უნდა მისცეს ვეტოს უფლების მქონე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების ხუთეულიდან არც ერთმა.