თბილისი, 14 ოქტომბერი– Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონში საპარლამენტო არჩევნების დღეს ერთერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი არეულობის ფაქტზე
ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
საქმე ეხება სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კენწისყრის პროცესის დროს მომხდარ მოვლენებს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შეჭრასა და ბიულეტენებით სავსე საარჩევნო ურნის გატაცებას შეეცადნენ.
როგორც განმარტეს შს სამინისტროში, დანმაშავეები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს შეჭრილიყვნენ საარჩევნო უბანზე და გაეტაცათ ბიულეტენებით სავსე საარჩევნო ურნა, ხოლო ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს ქვები დაუშინეს.
არეულობის შედეგად ხუთი პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, რომელიც თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ყიზილაჯლოს, 48-ე საარჩევნო უბანზე სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ სპეზდანიშნულების რაზმის მოსვლის შემდეგ მოხერხდა.
შს მინისტრმა პარასკევს განაცხადა, რომ პოლიციელებზე ხელის აღმართვა არავის არ ეპატიება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს-"საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა" და "პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა ან ძლადობა". მათ ემუქრებათ ჯარიმა, 2 წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოები ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით ან 2-დან 5 წლამდე ვადით.