თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK და სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი კომპანია KFC ერთმანეთში აურია.
GfK ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციაა, რომელმაც 8 ოქტომბრის არჩევნებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა.
„რაღაც ორგანიზაცია KFC შემოიყვანეს, რომელიც სრულიად არაკომპეტენტური და მატყუარა ორგანიზაციაა. რომ იცოდეთ, KFC არის ორგანიზაცია, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის მსოფლიოში… ამიტომ ნუ დაუჯერებთ ნურავითარ კვლევებსა და ეგზიტპოლებს“, — განაცხადა თარხან-მოურავმა ტელეარხ „აჭარის" ეთერში.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე გააკეთა, მაგრამ წინასაარჩევნო აჟიოტაჟისას მის ამ ფრაზას ყურადღება არავინ მიაქცია. არჩევნების დასრულების შემდეგ კი „ფეისბუქი“ ერთიანად გადააჭრელა ვიდეომ ამ გამონათქვამით, რომლის გაზიარებათა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
ახლა თარხან-მოურავს ყველა შანსი აქვს, სოსო ჯაჭვლიანის რეკორდი მოხსნას, რომელსაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა მსგავსი შეცდომა „იბიარდთან“ დაკავშირებით, როცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საროსკიპო სახლში აერია.