თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესდება ბლოკ „თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლის საკითხით.
შეგახსენებთ: „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შაბათს საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ეთერიდან მოხსნა „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლი, ვინაიდან ის ატარებს ღიად ანტითურქულ ხასიათს, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და ეწევა ქსენოფობიის პროპაგანდას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია მოიძიებს და დეტალურად გაეცნობა აღნიშნული ვიდეორგოლის შინაარსს. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოდრგოლის შინაარსი საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში ექვემდებარება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიწყებს აღნიშნული საკითხის შესწავლას“, — განუცხადა „რუსთავი 2-ს“ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემაც მიმართა.