თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა უწყებებმა ხელი მოაწერეს სამ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და მიგრაციასთან, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მემორანდუმს თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, ყირგიზეთის შს მინისტრმა კაშკარ ჯუნუშალიევმა და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა კუბატბეკ ბორონოვმა.
მხარეები გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ახალ დონეზე გადავა ასევე საქართველოსა და ყირგიზეთის შსს–ს აკადემიებს შორის თანამშრომლობა. სასწავლო დაწესებულებები ერთმანეთს გაუზიარებენ სიახლეებს განათლების სფეროში, ხოლო პედაგოგები – გამოცდილებას.
მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ სტუმრები ყირგიზეთიდან ერთიანი ოპერატიული ცენტრის მუშაობას გაეცნენ, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნა.
„მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ჯუნუშალიევი და ბორონოვი ასევე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112–ის მუშაობას.
ყირგიზეთის შს და საგანგებო სიტუაციების მინისტრები საქართველოში დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ხელმძღვანელობს.