სალომე ანდრონიკაშვილის ბობოქარი ცხოვრება: ონასისის თავხედური პასუხი და უბრალო ანდერძი

სალომე ანდრონიკაშვილი, ნახატი პეტროვ-ვოდკინისა
სალომე ანდრონიკაშვილი, ნახატი პეტროვ-ვოდკინისა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ და იგორ ობოლენსკი სალომე ანდრონიკაშვილისა და მისი ცხოვრების ისტორიას გიამბობთ.

ნაწილი I იხილეთ აქ

ნაწილი II

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამჭრიახმა გალპერნმა სალომესა და მის ქალიშვილ ირინეს ომის ქარცეცხლში გახვეული ევროპიდან თავის გარიდება ურჩია. მაგრამ ამერიკაში წასვლაზე მხოლოდ სალომე დაეთანხმა, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი ირინე კი პარიზში დარჩა. ეს გადაწყვეტილება კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა — ფაშისტებმა საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

1945-ში ალექსანდრ გალპერნი ბრიტანეთში გაამწესეს სამუშაოდ და ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად…

სიცოცხლის ბოლოს, როდესაც გალპერნმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და იძულებული გახდა, სახლი გაეყიდა, ერთადერთ პირობა წამოაყენა: მიეცათ მისი მეუღლისთვის სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრების უფლება. ცნობილ მწერალსა და ფილოსოფოს ისაი ბერლინს, რომელმაც გალპერნის სახლი შეიძინა, უარი არ უთქვამს.

CC0 / Flickr/ Levan Ramishvili / Winston Churchill and his wife Clementineკლემენტინა ჩერჩილი - სალომე ანდრონიკაშვილის მეგობარი
კლემენტინა ჩერჩილი - სალომე ანდრონიკაშვილის მეგობარი - Sputnik საქართველო
კლემენტინა ჩერჩილი - სალომე ანდრონიკაშვილის მეგობარი

ლონდონში სალომე ანდრონიკაშვილი მაღალი წრის საზოგადოების ქალბატონის შესაფერისად განაგრძობდა ცხოვრებას — წვეულებებსაც აწყობდა და სტუმრებსაც იღებდა. საღამოობით კი, ვახშამზე, თუნდაც სრულიად მარტო ყოფილიყო, აუცილებად საღამოს კაბით ეჯდა მაგიდას.

სალომეს მეგობართა შორის იყვნენ ბარონესა კლემენტინა სპენსერი-ჩერჩილისა — პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის მეუღლე და მსახიობი პიტერ უსტინოვი, თუმცა მისი ყველაზე ახლო მეგობარი ბარონესა ბუდბერგი იყო, მაქსიმ გორკის ყოფილი მუზა და სატრფო.

ერთხელ ამ ორმა ქალბატონმა მილიარდერ არისტოტელე ონასისისგან მიწვევა მიიღო. უმდიდრესი ბერძენი მათ იახტით სასეირნოდ ეპატიჟებოდა. სალომეს საოცრად მოეწონა იახტის სალონში ვარდისფერი ტყავისგან დამზადებული დივანი და მილიარდერს ჰკითხა, რისი ტყავიაო. ამაზე ონასისმა იმდენად არალიტერატურული პასუხი გასცა, რომ…

ვლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში - Sputnik საქართველო
ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: მაიაკოვსკი, არაგონი, ფარაჯანოვი...

50-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში დარჩენილ ნათესავებთან ურთიერთობა უკვე შესაძლებელი გახდა. თუმცა თავად საბჭოელებისთვის უცხოეთში მცხოვრებ ნათესავებთან შეხვედრა და, მით უმეტეს, საზღვარგარეთ გამგზავრება, მაინც პრობლემატური იყო. სალომე დას, მარიამს, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, მხოლოდ 60-იან წლებშიღა შეხვდა. მარიამს ძმის, იასეს ვაჟი კონსტანტინე დაეხმარა ამაში, რომელიც ჯერ კიდევ 1916 წელს გადასულიყო პარიზში საცხოვრებლად დედასთან ერთად. სწორედ მაშინ შეიტყო სალომემ მარიამისგან, რომ იასე ტრაგიკულად დაღუპულიყო.

ოცდაათიან წლებში სალომეს მოსკოვში მიმავალი ნაცნობისთვის ძმისთვის გადასაცემად წერილი გაეტანებინა. ეს წერილი ქცეულა იასეს დაპატიმრების, მერე შპიონაჟში დადანაშაულებისა და საბოლოოდ კი დახვრეტის მიზეზი…

საფრანგეთში გადასულმა კონსტანტინემ კი, რომელსაც იქ კონსტანტინ ანდრონიკოვად იცნობდნენ, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა და მერე საფრანგეთის სამ პრეზიდენტთან იმუშავა მრჩეველ-თარჯიმნად, სრულუფლებიანი მინისტრის რანგში. 

© FL/ Maurice Albrayსალომე ანდრონიკაშვილის უახლოესი მეგობარი ბარონესა ბუდბერგი, მაქსიმ გორკის ყოფილი მუზა და სატრფო
სალომე ანდრონიკაშვილის უახლოესი მეგობარი ბარონესა ბუდბერგი, მაქსიმ გორკის ყოფილი მუზა და სატრფო - Sputnik საქართველო
სალომე ანდრონიკაშვილის უახლოესი მეგობარი ბარონესა ბუდბერგი, მაქსიმ გორკის ყოფილი მუზა და სატრფო

ილია ლომიძე იხსენებს:

„როცა ხრუშჩოვის მმართველობისას კონსტანტინე საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ თბილისში, ნათესავებთან წასვლა სურდა, ყველა შოკში ჩავარდა — არავინ იცოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს საბჭოეთში ნათესავები ჰყავდა. აქ ის უმაღლეს დონეზე მიიღეს, რაღა თქმა უნდა, დაინტერესებული ორგანოების ჩათვლით. სწორედ კონსტანტინეს მეშვეობით შეძლო მარიამ ანდრონიკაშვილმა პარიზში წასვლა და სალომესთან შეხვედრა“.

სალომე ანდრონიკაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში კულინარიით დაინტერესებულა და რეცეპტების წიგნიც კი გამოუცია. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მუზა ვიყავი, სიბერეში კი მივხვდი, რომ რეალურად მზარეული ვყოფილვარო, ხუმრობდა, თურმე, ის. ხოლო როცა სერიოზულ თემებზე ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოს დატოვება იყო.

ტატიანა ლიოზნოვა - Sputnik საქართველო
ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: ქართველი ოსტაპი, „კაგებეს“ პოლკოვნიკი და ბრეჟნევი

— მე ჩავიდინე სისულელე, როცა სამშობლო ესოდენ მძიმე მომენტში მივატოვე, — ნანობდა ქართველი თავადის ასული.

მან დიდხანს იცოცხლა: აღარც გალპერნი იყო ამქვეყნად, აღარც საფრანგეთის არმიის გენერალი, 50 სახელმწიფო ორდენის კავალერი ზინოვი პეშკოვი და აღარც რევოლუციური რუსეთიდან გამოქცეული, მონაზვნად აღკვეცილი ანა ვირუბოვა, რომელსაც ფინეთში გაეტარებინა სიცოცხლის ბოლო 40 წელი და 80 წლისა გარდაცვლილიყო.

სალომე ანდრონიკაშვილი სასტიკ უარს აცხადებდა მემუარების დაწერაზე. თავისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ პაპუნა წერეთელს უამბო, ისიც წერილებით და ისიც – მცირედი.

© photo: Sputnik / ვასილი მალიშევი / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟორჟ პომპიდუს საბჭოეთში ვიზიტისას თან ახლდა კონსტანტინე ანდრონიკოვი (შუაში)
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟორჟ პომპიდუს საბჭოეთში ვიზიტისას თან ახლდა კონსტანტინე ანდრონიკოვი (შუაში) - Sputnik საქართველო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟორჟ პომპიდუს საბჭოეთში ვიზიტისას თან ახლდა კონსტანტინე ანდრონიკოვი (შუაში)

„ჩემი რუსი დედა (პლეშჩეევა) საოცარი ქალი გახლდათ, მართლაც რომ საუცხოო. რუსული ტრადიციებით გვზრდიდა. მამა გვიყვარდა, მისით აღფრთოვანებული ვიყავით, მაგრამ ჩვენ აღზრდაში ის არანაირ მონაწილეობას არ იღებდა. მე — უფროსი შვილი — უფრო რუსი გამოვდექი. ფიზიკურად მამას დავემსგავსე, ზნითა და ხასიათით კი დედას ვგავარ ძალიან.

დაიკო მაშენკა (მარუსია) უფრო ქართველი იყო, იასე — ძმა — ნახევარი ნახევარზე. სამივენი ძალიან მჭიდროდ ვიყავით დაკავშირებულები. ერთმანეთი გვიყვარდა და ვმეგობრობდით. მე — უფროსმა დამ ორივეზე მეტ ხანს ვიცოცხლე.

თითქმის 90 წლის ვარ და უკვე დროა, სიკვდილისთვის მოვემზადო. ძალიან უბრალო ანდერძს ვიბარებ: ყველაფერს, რაც გამაჩნია და რაც მე მეკუთვნის, ჩემს ქალიშვილს ვუტოვებ. ანდერძში ვწერ, რომ ზინაიდა სერებრიაკოვას მიერ დახატულ ჩემს პორტრეტს საქართველოს ვუანდერძებ (პირობა: მუზეუმმა თავად უნდა იზრუნოს პორტრეტის მიღებაზე, გადაიხადოს დაკისრებული გადასახადები (თუ ასეთი მოითხოვება) და გადააგზავნოს პორტრეტი თბილისში. ვადა — 3 თვე). ჩემი სიკვდილის თაობაზე ჩემი ქალიშვილი აცნობებს საქართველოს კულტურის მინისტრს.

ლილია ზელენსკაია - Sputnik საქართველო
ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

ჩემი ხელის ანაბეჭდი, რომელიც მოხუცმა გინზბურგმა დაამზადა, შეეცადეთ მიიღოთ ჩემი ნათესავებისგან — ასევე მუზეუმისთვის… ის, რომელიც მე მქონდა, პეტერბურგში დარჩა, ჩემ ბინაში, ისევე, როგორც დანარჩენი საკუთრება. ეს ყველაფერი დაიტაცეს და გაყიდეს ჩემმა მეგობრებმა, ან განადგურდა, როცა პეტერბურგს მძიმე წლები ედგა. არც ტირილი ღირს და არც გახსენება. ბობოქარი და განუმეორებელი (ასე არ არის?) ეპოქა განვვლე…

სამზარეულო წიგნი ნამდვილად დავწერე, ხუმრობასავით, იმ დროს, როცა ლონდონში სასტიკად შემოვიფარგლებოდით სამხედრო ულუფით. თუმცა მასში ჩახოხბილის რეცეპტი შევიტანე, ქათმის ყიდვა მაინც იყო შესაძლებელი. კარაქის ნაცვლად — მარგარინი. კვერცხი — კაცზე ერთი ცალი კვირაში. თავი გაგვქონდა.

წიგნის ყიდვა უკვე დიდი ხანია, შეუძლებელია. ჩემი ეგზემპლარი (საავტორო) ვიღაცამ კითხვაში გაცვითა. მე აღარ მაქვს ჩემი საკუთარი წიგნი.

…ვცხოვრობ ინგლისში, სადაც ცოტანი არიან ემიგრანტები რუსეთიდან. ისე არაა, როგორც პარიზში, სადაც გაბატონებული მდგომარეობა აქვთ. ტეფი (ჩემი დიდი ხნის მეგობარი) ამბობდა, რომ პასიში (პარიზის უბანი) ვიღაც ფრანგს თავიც კი მოუკლავს, სამშობლოზე დადარდიანებულს. 

ძალიან მიყვარდა პარიზი, სადაც 18 წელი ვიცხოვრე, რომელიც ძალიან შეიცვალა ამ ვულგარულ დროში და რომელიც აღარ მიყვარს. ლონდონი უკანასკნელი სათავადო ქალაქია (შედარებით, რა თქმა უნდა, რამდენადაც „ჩვენი“ ეპოქა მას არ შეხებია). და მე ძალიან მიყვარს ის. აქ ძალიან მშვიდად, ლამაზად და ადამიანურადაც კი შეიძლება ცხოვრება.

ასე ვცხოვრობ. უსაშველოდ მომხიბლავ სახლში, დიდი ბაღით, რომელიც უარმაზარი ხეებითაა შემოფარგლული. ტელევიზორისა და რადიოს გარეშეც კი. ვერ ვიტან ამ მოლაპარაკე ყუთებს. სამაგიეროდ, ვკითხულობ.

…სანამ არ მოვკვდები, არ მსურს გამოვეთხოვო ჩემს ნახატებსა და წიგნებს. სიკვდილი ახლოსაა, რადგან უკვე 90 წლისა ვარ! მუდმივი სიცოცხლე მინდა, მაგრამ ეს ბუნებითაა დადგენილი…

არავის სჯერა ჩემი ასაკი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმალავ. შესანიშნავი ფიგურა მაქვს და ამბობენ, რომ ლამაზი ვარ! დაფიქრდით, რა საოცრებაა! 70 წლისას ვგავარ, ყველაფერი შემიძლია, ყველაფერს მივირთმევ, ყველაფერს ვსვამ და ას წლამდე ვაპირებ ცხოვრებას…

ყველა გარდაიცვალა, მე კი ისევ ცოცხალი ვარ. და არ მინდა სიკვდილი…“

ის ტფილისიდან წავიდა და თბილისი არასდროს უნახავს. თუმცა, ზინაიდა სერებრიაკოვას მიერ შექმნილი პორტრეტის წყალობით, სალომე ანდრონიკაშვილი მაინც „ჩამოვიდა“ მშობლიურ ქალაქში. ჰო, სხვათა შორის, მხატვარს სწორედ სალომე დაეხმარა თავის დროზე საბჭოთა რუსეთიდან პარიზში წასვლაში და შიმშილით სიკვდილისგან იხსნა იგი.

სალომე ანდრონიკაშვილის სხვა პორტრეტი, რომელიც ალექსანდრ იაკოვლევმა დახატა, ლონდონში, სოთბისის აუქციონზე გამოიფინა, სადაც ის გრაფმა ლობანოვ-როსტოვსკიმ შეიძინა და მარინა ცვეტაევას მოსკოვის მუზეუმს გადასცა.

მესამე პორტრეტი, პეტროვ-ვოდკინის მიერ შესრულებული კი ადრონიკაშვილმა ჯერ კიდევ 1970 წელს აჩუქა მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეას. დღეს ისიც და ვასილი შუხაევის მიერ შექმნილი პორტრეტიც მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია გამოფენილი.

… სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში გაატარა. კონსტანტინეს ვაჟმა მარკმა მითხრა, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, კარგ ფორმაში იყოო: „ოღონდ ცუდად ესმოდა და სულ სმენის აპარატს უჩხიკინებდა. საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა და სახლის მეორე სართული მუდმივად გაქირავებული ჰქონდა“.

ბოლო დიდი მიღება 90 წლის იუბილეზე მოაწყო. „ჩემი სიბერის ტრაგედია — ეს სურვილებისა და შესაძლებლობების შეუსაბამობაა“, — განაცხადა სალომე ანდრონიკაშვილმა მეგობრის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოს პასუხად.

1982 წლის 8 მაისს ლონდონურმა „ტაიმსმა“ საზოგადოებას სალომე ანდრონიკაშვილის სიკვდილი აუწყა — „ყველაზე ბრწყინვალე ქალბატონისა“ და „ვერცხლის საუკუნის ყველაზე ცნობილი ლამაზმანისა“, რომლის ფერფლიც, მისივე ანდერძის თანახმად, ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე გაფანტეს…

ყველა ახალი ამბავი
0