ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: მაიაკოვსკი, არაგონი, ფარაჯანოვი...

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში
ვლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგომ კარს ხელი მიარტყა და აბაზანაში ივ სენ-ლორანი დაინახა. შეუყვირა, ხელები მაღლაო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს პისტოლეტებს უმიზნებდა. ლორანმა მოულოდნელობისგან ლამის ჯაგრისი გადაყლაპა, როცა კარისკენ მობრუნდა და წვერმოშვებული ტერორისტი დაინახა...

Sputnik-ის ავტორი იგორ ობოლენსკი ვლადიმირ მაიაკოვსკის, ლილია ბრიკისა და სერგეი ფარაჯანოვის თბილისურ ურთიერთობებზე.

 

ნაწილი პირველი

ერთ მზით გაჩახჩახებულ შუადღეს მაიაკოვსკი მთაწმინდაზე ავიდა, ქალაქს გადმოხედა და მის ფერხთით გადაშლილ ტფილისს ლექსები წაუკითხა.

— ოჰ-ოჰოო! აი, მესმის აუდიტორია, — წამოიძახა პოეტმა. — ასეთი ესტრადიდან მთელ მსოფლიოს შეიძლება ესაუბრო!

მაიაკოვსკი ამ ჯერზე საკუთარი პიესის „მისტერია-ბუფის“ დადგმით იყო დაკავებული, რომელიც ქართულად ტიციან ტაბიძეს უნდა ეთარგმნა.

…1923 წელს მაიაკოვსკის სტუმარი ეწვია ტფილისიდან. პოეტის მოსკოვურ ბინაში დიდი კომპანია დახვდა, რომელიც ის-ის იყო, უხვ სუფრას უნდა მიჯდომოდა. მაიაკოვსკი კი პატარა ოთახში შეყუჟულიყო და მანანის ფაფას მიირთმევდა — ავად იყო და იძულებული იყო, იმ საღამოს ნაირნაირ გემრიელობებზე უარი ეთქვა.

სტუმარმა აცნობა, რომ ტფილისში ქართულად ნათარგმნი მისი ლექსების წიგნი მზადდებოდა დასაბეჭდად და პოეტის აზრი აინტერესებდა ამ საკითხზე. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს შორის ლიტერატურული კონვენცია არ არსებობდა და ნაწარმოების თარგმნა ნებისმიერ ენაზე თავისუფლად, საავტორო უფლებების დაცვის გარეშე შეიძლებოდა.

© РИА Новостиვლადიმირ მაიაკოვსი ახალგაზრდებს შორის
ვლადიმირ მაიაკოვსი ახალგაზრდებს შორის - Sputnik საქართველო
ვლადიმირ მაიაკოვსი ახალგაზრდებს შორის

— შესანიშნავია! — მიუგო მაიაკოვსკიმ. — ფულს იხდით? არა? თუ ფულს არ მიხდით, მაშინ ჩემგან რაღა გინდათ?

— თქვენი თანხმობა კრებულის გამოცემაზე. თუმცა უამისოდაც შეგვიძლია წიგნის დაბეჭდვა.

— რატომაც არა? თანახმა ვარ. გადათარგმნეთ.

საუბრის საქმიანი ნაწილი დასრულდა და ტფილისელი სტუმარი სხვებთან ერთად მიიწვიეს სუფრასთან…

სწორედ ამ საუბრის შემდეგ გამოიცა წიგნი სახელწოდებით „საუბარი ფინინსპექტორთან პოეზიაზე“.

ტფილისელ დესპანს კი, რომელსაც ვასილ კატანიანი ერქვა, მომავალში ისევ ეწერა მაიაკოვსკის ცხოვრებაში გამოჩენა. წლების შემდეგ ის ლილია ბრიკის ბოლო ქმარი და პოეტის შემოქმედების ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი გახდება…

ტფილისიდან გამგზავრების წინ მაიაკოვსკი უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა კითხვა დაუსვა პოეტს: ქუთაისის გუბერნიაში, ბაღდათში ბრძანდებით დაბადებული და გაზრდილი და თავი ქართველად მიგაჩნიათ თუ რუსადო? რაზეც მან უპასუხა: „დაბადებით ქართველი ვარ, ეროვნებით კი რუსი. საქართველო მიყვარს როგორც ჩემი სამშობლო, მიყვარს მისი ცა, მისი მზე, მისი ბუნება“. 

და მან გაიხსენა ისტორია, რომელიც ჩიკაგოში გადახდა თავს. თურმე ერთ-ერთი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას რომელიღაც მსმენელს ინგლისურად რაღაც აგრესიული სიტყვების ყვირილი დაუწყია მისთვის — დარწმუნებული ყოფილა, რომ პოეტმა ინგლისური არ იცოდა. მაიაკოვსკიც ამდგარა და რამდენიმე სიტყვა ქართულად უთქვამს. აღმოჩნდა, რომ დარბაზში ქართველი ემიგრანტი მჯდარა და როგორც კი მშობლიური ენისთვის მოუკრავს ყური, თავი ვერ შეუკავებია, წამომხტარა და ყვირილი დაუწყია:

— კაცო, ვინ ხარ, საიდან ხარ?

— ქუთათური ვარ, ქუთათური! — გაპასუხებია მაიაკოვსკი.

© РИА Новостиვლადიმირ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი
ვლადიმირ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი

ამ ისტორიას ძალზე არტისტულად ჰყვებოდა ლილია ბრიკი, ქალი, რომელმაც ბალერინობაც სცადა, მსახიობობაც, თუმცა მისი ერთადერთი უდავოდ წარმატებული იპოსტასი — ეს მაიაკოვსკის უსაყვარლესი და უმთავრესი ქალობა, პოეტის შეუდარებელ მუზად ყოფნა იყო.

მაიაკოვსკიმ და ბრიკმა ერთმანეთი პეტროგრადში გაიცნეს, თუმცა შეიძლებოდა რამდენიმე წლით ადრეც შეხვედრილიყვნენ ტფილისში —ლილია ხშირად სტუმრობდა საქართველოს დედაქალაქს, აქ მეგობრები ჰყავდა.

რა თქმა უნდა, ქალს უკვე მაშინ სმენოდა მაიაკოვსკის სახელი, მაგრამ რას წარმოიდგენდა, თუ წლების შემდეგ მის ცხოვრებაში ესოდენ მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.

ვერც ის ეცოდინებოდა, რომ 1924 წელს ტფილისში დაიბადებოდა კაცი, რომლის სიყვარულიც უკანასკნელი აღმოჩნდებოდა მის ცხოვრებაში და რომ ამ კაცს სერგო ფარაჯანოვი ერქმეოდა…

ლილია და სერგო ერთმანეთს 1973 წელს შეხვდნენ მოსკოვში, ფარაჯანოვის მეგობრის დაკრძალვაზე.

ლილია ბრიკის ბოლო ქმარი ვასილ კატანიანი იხსენებდა: ფარაჯანოვმა, როგორც კი ჩვენი ბინის ზღურბლს გადმოაბიჯა, მაშინვე ლილიას სურათების კოლექციის გატაცებით თვალიერება დაიწყო, ერთადერთი, რისთვისაც მას ყურადღება არც კი მიუქცევია, ეს მაიაკოვსკის წიგნები იყო, მოგვიანებით კიდეც გამოტყდა, საერთოდ არ წამიკითხავს მისი შემოქმედებაო.

ლილიამ ჰკითხა, ნუთუ სკოლაშიც არ გისწავლიათ იმ პოეტის ერთი ლექსი მაინც, რომელიც უდიდეს რევოლუციონერ შემოქმედად მიიჩნეოდაო?

ამაზე კინორეჟისორმა უპასუხა:

"სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, იმიტომ რომ ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს… ჩვენს ოჯახს გამუდმებით ჩხრეკდნენ. ჩემი მშობლები, როგორც კი ჩეკისტების ნაბიჯებს მოჰკრავდნენ ყურს, მაშინვე სასწრაფოდ მაყლაპებდნენ საფირონების, ბრილიანტებისა და ზურმუხტების თვლებს. დილით კი, ჩხრეკა რომ დამთავრდებოდა, სკოლაში არ მიშვებდნენ, საფაღარათოს მასმევდნენ და ღამის ქოთანზე დადებულ თუშფალანგზე მსვამდნენ".

© Sputnikსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი

 

ლილიამ და სერგომ საერთო ენა გაცნობის პირველსავე წუთებში გამონახეს და კარგი მეგობრებიც გახდნენ. როცა ფარაჯანოვი დააპატიმრეს, სწორედ ბრიკმა გამოიდო თავი მის დასაცავად.

დახმარება ერთადერთ ადამიანს, ლილიას ღვიძლი დის მეუღლეს, ცნობილ ფრანგ პოეტ ლუი არაგონს შეეძლო, რომელიც საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ბრიკი სასწრაფოდ გაფრინდა პარიზში, სადაც მაიაკოვსკის გამოფენა იხსნებოდა, რათა არაგონი დაერწმუნებინა, ბრეჟნევს დალაპარაკებოდა ამ საკითხზე.

თვითმფრინავში მას ივ სენ-ლორანი დაემგზავრა, რომელსაც, თურმე, საოცრად ჰყვარებოდა მაიაკოვსკის პოეზია და შინ, მსოფლიო ფერწერის შედევრების გვერდით, საბჭოთა პოეტის პორტრეტიც ჰქონია გამოფენილი. როდესაც სენ-ლორანმა თანამგზავრის ვინაობა შეიტყო, მაშინვე მასთან წარდგენა მოითხოვა. პარიზში ჩასულმა კი მაიაკოვსკის მუზა თავისთან დაპატიჟა და შავი ფარჩის კაბა შეუკერა… 
ლილია ბრიკმა თავისას მიაღწია – ლუი არაგონი დახმარებაზე დაითანხმა.  ფრანგი პოეტი მოსკოვში ჩაფრინდა, დიდ თეატრს ეწვია და სწორედ იქ, თეატრის ლოჟაში შეხვდა და ესაუბრა ლეონიდ ბრეჟნევს…
სერგო ფარაჯანოვი ახალი, 1978 წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს საპატიმროდან.

ერთადერთი ქალაქი, სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ დასახლება მოახერხა — თბილისი იყო. უკეთესზე ვერც იოცნებებდა — სხვა საცხოვრებელი არც უნდოდა. მეგობრებს ეუბნებოდა კიდეც, თბილისში დავიბადე და აქვე მინდა სიკვდილიო.

ვასილ კატანიანი ადასტურებდა, ფარაჯანოვი ერთადერთ ადამიანს ლილია ბრიკს უნდა უმადლოდეს თავისუფლებასო და, რაოდენ პარადოქსულია, რომ ციხიდან გამოსულს არც კი დაურეკავს მისთვის. და მაინც, ლილია მზად იყო ყველაფერი ეპატიებინა მისთვის, ესოდენ დიდი უმადურობაც კი…

ლილია ბრიკის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ თბილისში ტაგანკის თეატრი ჩამოვიდა გასტროლებზე. სერგო ფარაჯანოვმა წამყვანი მსახიობები შინ მიიწვია და სუფრა გაუშალა. როდესაც მსახიობმა ბენიამინ სმეხოვმა ლილია ბრიკის მოსაგონარის შესმა შესთავაზა მეგობრებს, კინორეჟისორმა რაღაც მწარე ჩაილაპარაკა მისი მისამართით, თუმცა სადღეგრძელო მაინც შესვა.

© РИА Новостиლილია ბრიკი
ლილია ბრიკი - Sputnik საქართველო
ლილია ბრიკი

გამოხდა ხანი და ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა მასალა ლილია ბრიკის შესახებ, რომელიც აშკარად მიანიშნებდა ფარაჯანოვისა და ბრიკის სასიყვარულო ურთიერთობებზე. პუბლიკაციიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მაიაკოვსკის მუზამ თავად მოისწრაფა სიცოცხლე ცალმხრივი და გაუზიარებელი სიყვარულის გამო.

და მაშინ ფარაჯანოვმა ჟურნალის რედაქციას მრისხანე წერილი მისწერა: „ლილია იურიევნა იყო ყველაზე შესანიშნავი ქალბატონი მათ შორის, რომელთაც ბედმა შემახვედრა… და მისი სიკვდილის „გაუზიარებელი სიყვარულით“ ახსნა — ეს უზნეო ჭორაობა და გარდაცვლილის შეურაცხყოფაა… ჩვენი ურთიერთობა წმიდად მეგობრული იყო. 1989 წელი, 26 ოქტომბერი“.

ამ შემთხვევამდე სამი წლით ადრე კი ფარაჯანოვს ლილიასგან ერთგვარი მოკითხვა გადასცეს…

© А. Экекянსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი

1986 წელს მოსკოვში ივ სენ-ლორანის გამოფენა იმართებოდა. ფარაჯანოვმა ფრანგ მოდელიერს თავისი ნამუშევრების ალბომი გაუგზავნა — ერთადერთი ეგზემპლარი. სენ-ლორანი აღაფრთოვანა ფარაჯანოვის კოლაჟებმა და პირადად გაცნობა მოისურვა — დაუსწრებლად ხომ ისედაც იცნობდა ლილია ბრიკის წყალობით.
ფარაჯანოვი და სენ-ლორანი სასტუმრო „ნაციონალში“ შეხვდნენ. კინორეჟისორს თან ვასილ კატანიანი ახლდა, რომელმაც დოკუმენტურად დააფიქსირა იმ შეხვედრის დეტალები.

„კარზე ვაკაკუნებთ, მაგრამ არავინ გვიღებს. ერთი წუთით მივბრუნდი, რომ დამერეკა. ამ დროს კი სერგომ კარს ხელი მიარტყა და აბაზანაში სენ-ლორანი დაინახა — ნიჟარასთან იდგა და კბილებს იხეხავდა.

სერგომ შეუყვირა, ხელები მაღლაო და თან ისეთი პოზა მიიღო, თითქოს პალტოს ორივე ჯიბიდან პისტოლეტებს უმიზნებდა. ლორანმა მოულოდნელობისგან ლამის ჯაგრისი გადაყლაპა, როცა კარისკენ მობრუნდა და წვერმოშვებული ტერორისტი დაინახა — ის ხომ სახეზე არ იცნობდა ფარაჯანოვს!

ნომერში შევვარდი, თავზარდაცემული და შეძრწუნებული ივ სენ-ლორანი ძლივს მოვიყვანე გონზე, სერგო კი მხიარულობდა და მეგობრული ბაასისთვის ემზადებოდა. მაგრამ საამისო დრო არ იყო: სახელგანთქმულ სტუმარს სადღაც ელოდებოდნენ. ის ერთ მხარეს წავიდა, ფარაჯანოვი კი მეორე მხარეს. აი ასეთი იყო ეს შეხვედრა, თუ ამას შეხვედრა შეიძლება ეწოდოს.

სენ-ლორანის პარიზულ ბინაში კი, მატისისა და პიკასოს ნამუშევრების, ანტიკური ბიუსტებისა და აფრიკული სკულპტურების გვერდით, ინკრუსტირებულ სამუზეუმო მაგიდაზე წლების განმავლობაში იდო სერგო ფარაჯანოვის უძვირფასესი ალბომი…

ლეგენდარულმა რეჟისორმა ულამაზესი სვეტლანა შჩერბატიუკი, საბჭოთა დიპლომატის ქალიშვილი შეირთო ცოლად. მათი თანაცხოვრება მხოლოდ ექვს წელს გაგრძელდა, მაგრამ ფარაჯანოვი დაშორების შემდეგაც არ უშვებდა ყოფილ ცოლს თავისი ცხოვრებიდან. მას ძალიან მოსწონდა დახასიათება, რომელიც სვეტლანამ მისცა: „მომხიბლავი, მაგრამ აუტანელი“…

© Рухкянსოფიკო ჭიაურელი სერგო ფარაჯანოვის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე, 6 ნოემბერი, 2004 წელი.
სოფიკო ჭიაურელი სერგო ფარაჯანოვის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე,  6 ნოემბერი, 2004 წელი. - Sputnik საქართველო
სოფიკო ჭიაურელი სერგო ფარაჯანოვის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე, 6 ნოემბერი, 2004 წელი.

სვეტლანა ბოლომდე მარტო დარჩა, მეორედ აღარ გათხოვილა. ის დღესაც ცოცხალია და კიევში, მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს.

ხოლო კინორეჟისორის ვაჟი… წარმოგიდგენიათ, რას გადაიტანდა სკოლის მოსწავლე ბიჭი, რომელმაც გაზეთიდან შეიტყო, რა ბრალდებით დააკავეს მამამისი?!

(გაგრძელება იქნება)

ყველა ახალი ამბავი
0