თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის ლიდერიც მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძეა, eBay-ს ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდადაა გატანილი.
ამ მომენტისთვის ლოტის ფასი 92,1 ათასი აშშ დოლარია. აუქციონის დასრულებამდე 9 დღეა დარჩენილი.
ლოტის პაკეტის ჩამონათვალში „გამყიდველი“ სთავაზობს რუსულ ბანს, პოლიტიკურ ფიგურებს, საოპერო პლეილისტს, გამართულ ბიუროკრატიას, იურიდიულ და ეკონომიკურ პროგრამებს, პოლიტიკურ ფილტრს, ოფისებს, ამასთან აღნიშნულია, რომ აუცილებელია იჯარის, ხატისა და თვითმფრინავით სარგებლობისთვის საფასურის გადახდა, ასევე თანხაა გადასახდელი პარტიის კოორდინატორებისთვის, ახალგაზრდული ფრთისთვის, სულ ვალი 100 ათასი აშშ დოლარის ფარგლებშია, პარტიას ასევე მოჰყვება გიორგი ვაშაძე და მამუკა კაციტაძე.
„ეს სისულელეა, ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ“, — განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა. მასში სამი პარტია შევიდა: „სახელმწიფო ხალხისთვის (ლიდერი — პაატა ბურჭულაძე), „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ (ლიდერი — გიორგი ვაშაძე) და „ახალი მემარჯვენეები“ (ლიდერი — მამუკა კაციტაძე).
საპარლამენტო არჩევნებზე ბურჭულაძის ბლოკმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ხმების მხოლოდ 3,45% მოიპოვა.
მასმედიაში აქტიურად განიხილება გაერთიანების დაშლის შესაძლებლობა.
ამასთან, ბურჭულაძემ მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოარული ხმები გაფანტა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არ მიდის.