თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ზამთრის სეზონის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლმა სამ საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე გაიმარჯვა.
ვიდეორგოლმა სახელწოდებით Winter in Georgia ლატვიაში ტურისტული ფესტივალის RIGA TOURFIL მთავარი პრიზი მიიღო.
საქართველომ ასევე გაიმარჯვა ფესტივალზე ZAGREB TOURFILM FESTIVAL ხორვატიაში, სადაც ტურიზმის ადმინისტრაციას „სპეციალური პრიზი“ გადასცეს.
აზერბაიჯანში, საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალზე BAKU INTERNATIONAL TOURISM FILM FESTIVAL ქართულმა კლიპმა „ვერცხლის ჯილდო“ მიიღო.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წელს საქართველოს შესახებ მომზადდა დაახლოებით 600 სტატია, ბლოგი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი.
ადმინისტრაციის დახმარებით წელს საქართველოში 486 უცხოელი ჟურნალისტი და 256 ტუროპერატორი ჩამოვიდა. ტურიზმის ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 15 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში.
ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ინტერნეტ-მარკეტინგული კამპანია ხორციელდება მსოფლიოს 12 ქვეყანაში, ხოლო ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდების წინ — 16 ქვეყანაში.
ფართო მასშტაბის კამპანია მიმდინარეობს მოგზაურებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პორტალზე მსოფლიოში tripadvisor, ხოლო საქართველოს ზამთრის სეზონის შესახებ სატელევიზიო რეკლამები გადის რუსეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის ტელევიზიების ეთერში.