კობა კობალაძე: „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანები არ არიან

© photo: Koba Kobaladze / FBკობა კობალაძე
კობა კობალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ეს შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული ძალაუფლებასმოწყურებული ადამიანებით. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, აცხადებს კობალაძე.

თენგიზ ჩოჩუა

2016 წლის არჩევნები ჯერ არ დასრულებულა — 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. შესაბამისად, მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია. თუმცა, პირველ ტურში აღებულ ხმათა რაოდენობის გათვალისწინებით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ მოიპოვოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა. რამდენად წაადგება ქვეყანას პრაქტიკულად ერთპარტიული მმართველობა, ხომ არ დაემსგავსება ახალი პარლამენტი კომუნისტური ეპოქის საკანონმდებლო ორგანოს? Sputnik-ის კითხვებს პასუხობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე.

– ბატონო კობა, როგორ შეაფასებთ არჩევნების პირველ ტურს და ელოდით თუ არა მეორე ტურის დანიშვნას?

— 8 ოქტომბერმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდ, კონკურენტულ გარემოში და ჯანსაღ ვითარებაში. უმნიშვნელო ნიუანსები იყო, რაც საბოლოო ჯამში პროცესის დადებითად შეფასებას არ უშლის ხელს. მსგავსი რამ ჩვეულებრივ თან ახლავს საარჩევნო პროცესებს. მთავარია, რომ ყველას — კანდიდატებსა თუ პარტიებს — ჰქონდა თანაბარი სასტარტო პირობები. არავინ არაფერში შეუზღუდავთ, არ იყო ადრინდელივით „კარუსელები“ და ღია ტერორი. ჟურნალისტებსაც არავინ უშლიდა ხელს, მშვიდ გარემოში შეეძლოთ მუშაობა. მართალია, ერთეული შემთხვევები აქაც შეინიშნებოდა, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მზადება ფერხულისთვის - ვინ რჩება და ვინ მიდის?..

– როგორც საკრებულოს დეპუტატს, გლდანის რაიონში კარგად გიცნობდნენ, თუმცა პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოახერხეთ…

— ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ასეთია ჩვენი საზოგადოების არჩევანი. ამას ემატება, გარკვეულწილად, ის პასიური ფონი, რომელიც ამ არჩევნებს ახასიათებდა — ბევრმა სახლში ჯდომა არჩია. რა თქმა უნდა, ველოდით მეორე ტურს, რადგან ძალიან ბევრმა პარტიამ წარმოაჩინა თავისი პროგრამა, ბევრს ჰქონდა ამბიცია, რომ იყო კონკურენტუნარიანი. ამ ყველაფერმა გამოიწვია ელექტორატის გადანაწილება. ასევე 50%-იანი ზღვარი, რომელიც საკმაოდ მაღალია. ეს ყველაფერი იყო იმის წინაპირობა, რომ გვევარაუდა მეორე ტურის შესაძლებლობა. იმედი მაქვს, გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება და გლდანის მოსახლეობას ამჯერად პარლამენტში გავუწევ ლობირებას.

– საყოველთაო ვარაუდით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. რამდენად წაადგება ქვეყანას პრაქტიკულად ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო?

— ბევრ ოლქში არის მეორე ტური და მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. პლუს ამას, ეს არის ქართველი ხალხის პოზიცია და, აქედან გამომდინარე, თითოეულ ჩვენგანს აქვს ვალდებულება, ამ პოზიციას ვცეთ პატივი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ეს შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული ძალაუფლებასმოწყურებული ადამიანებით. ჩვენ ორიენტირებული ვართ ზუსტად იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა საქართველო აღმავლობის გზაზე ვატაროთ. ნურავის ექნება იმის შიში, რომ რადგან დიდი უპირატესობით მოვალთ პარლამენტში, სხვის აზრს არ გავითვალისწინებთ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და კონსტრუქციული ურთიერთობისთვის. თუმცა, საჭიროა, ჩვენმა ოპონენტებმაც გამოთქვან ამის მზადყოფნა.

ყველა ახალი ამბავი
0