თბილისი, 12 ოქტომბერი– Sputnik. ოპოზიციური პარტიის "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში მმართველი პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ხმის მიცემას აპირებს, დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ჯაფარიძე რამოდენიმე წლის განმავლობაში მთავარი ოპოზიციური ძალის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი იყო. ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები 50-დან 47 ოლქში იღებენ მონაწილეობას. თუ მეორე ტურს მმართველი პარტიის კანდიდატები მოიგებენ, პარტია მიიღებს უმრავლესობას, რომელიც კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას იძლევა.
"მე არჩევნების მეორე ტურზე წავალ და საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მივცემ ხმას. მესმის, რომ შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ჩემი შვილების წინაშე მოვალეობაა",-დაწერა ჯაფარიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს,ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“– 5,01%.
რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, სადაც კენჭს იყრიდნენ პარტიების და ბლოკების წარმომადგენლები, და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები, 73 ოლქიდან 50-ში მეორე ტური ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა. შესაბამისად, ბოლო მონაცამებით, ამ ეტაპზე "ქართული ოცნება" პარლამენტში 67 ადგილს მიიღებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-27, "პარტიოტთა ალიანსი" კი-6.
საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებლად, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 9 მანდატი აკლია, მთავარ ოპოზიციურ ძალას კი-49. საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად "ქართულმა ოცნებამ" 50-დან 46 ოლქში უნდა გაიმარჯვოს.