თბილისი, 12 ოქტომბერი— Sputnik.საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა, შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
იმის შესახებ, რომ მოქმედი ელჩის არჩილ გეგეშიძის გადადგომა იგეგმებაოდა, მასმედიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ივლისის დასაწყისში ის ახსნა-განმარტებისთვის თბილისში გამოიძახეს ინტერვიუს გამო, რომელშიც ელჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველ გუნდში არსებობენ პრორუსულად განწყობილი ძალები.
"საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, დავით ბაქრაძე დაინიშნა",- ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.
ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება.
მარგველაშვილმა ბაქრაძესთან შეხვედრა ჩაატარა და მასთან ერთად საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობების პერსპექტივები განიხილა, ასევე ბაქრაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.
დავით ბაქრაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა. მანამდე ის სერბეთსა და საბერძნეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. 2008-2012 წლებში ფინეთში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე იყო. გარდა ამისა, მას გააჩნია ჟენევაში გაერო-ს განყოფილებაში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებში მუშაობის გამოცდილება.