დავით ხრიკულმა ჩინეთში პიანისტთა კონკურსზე პრემია მიიღო

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფორტეპიანოზე დაკვრა
ფორტეპიანოზე დაკვრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ხრიკულს გადასცეს ჟიურის სპეციალური პრემია „შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის“, გარდა ამისა, 15 წლის პიანისტი კონკურსის მესამე პრემიის მფლობელი გახდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის — „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლე, ნიჭიერი პიანისტი დავით ხრიკული არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა ახალგაზრდული საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი გახდა. კონკურსი ჩინეთში, პეკინში გაიმართა.

კონკურსი, რომელშიც ქართველმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პეკინში 29 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პირველად ჩატარდა.

„დავით ხრიკულმა არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა ახალგაზრდულ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა III პრემია და ლაურეატის წოდება, მას ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი „შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“, — აღნიშნეს კულტურის სამინისტროში.

დავით ხრიკული 15 წლისაა. ის თბილისელია. მუსიკის შესწავლა რვა წლისამ დაიწყო.

„გელიკონ-ოპერის“ თეატრი - Sputnik საქართველო
ქართველმა მომღერალმა რუსული ტელეპროექტის, „დიდი ოპერის“ ჟიური მოაჯადოვა

ამჟამად ხრიკული არის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის (თბილისი, 2011, I პრემია), ახალგაზრდა მუსიკოსების მე-7 მსოფლიო კონკურსის (ჰოლანდია, 2012, I პრემია), პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის (დანია, 2013, I პრემია და კ. ნილსონის პრიზი), შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსის (თბილისი, 2013, I პრემია და პრიზი ვირტუოზულობისთვის) ლაურეატი და სხვა. მან 2013 წლის ივნისში ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში სოლო კონცერტი გამართა.

დავითის საყვარელი პიანისტები არიან სვიატოსლავ რიხტერი და ემილ გილელსი. თავისუფალ დროს კითხულობს, თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, ასევე გატაცებულია ასტრონომიით, ხატვითა და ცურვით.

ყველა ახალი ამბავი
0