თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში 19 ოქტომბერს გაიმართება. ამის თაობაზე Sputnik-ს თავად ქართველმა დიპლომატმა აცნობა.
2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.
„შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენ სტაბილური დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც, ძირითადად, მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, ტრანსპორტის საკითხებს, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს, ტურიზმს. ჩვენ დღის ამ წესრიგის მიხედვით ვისაუბრებთ“, — განაცხადა აბაშიძემ.
პრაღაში სხვა საკითხების განხილვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, აღნიშნა დიპლომატმა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.