თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის რიგების დატოვება კიდევ ოთხმა ლიდერმა გადაწყვიტა.
პარტიის ერთ-ერთი წევრის ვახტანგ მაჭავარიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეპუტატებმა ირაკლი ჩიქოვანმა, ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ შეიძლება „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები დატოვონ.
„რა თქვა (მაჭავარიანმა — რედ.) ეგეთი, ყველა მაგაზე მირეკავს. კომენტარს არ ვაკეთებ არანაირს, დაივიწყეთ ეგ ამბავი“, — განუცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტელეფონით.
მასმედიის ინფორმაცია უარყო პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემაც.
„ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გია ცაგარეიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრები არიან. ისინი გამგეობის წევრებად რჩებიან და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ საქმიანობა“, — განაცხადა კეკენაძემ.
მან ასევე გამორიცხა საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
„მომავალში თითოეული ადამიანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა,“ — აღნიშნა კეკენაძემ.
ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ვიქტორ დოლიძისთვის ერთ-ერთი მინისტრის თანამდებობის შეთავაზებას აპირებს.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ არიან ადამიანები, რომლებიც „სიმპათიას იმსახურებენ“ და მომავალში მათთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. გარდა ამისა, ამ დღეებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ვიქტორ დოლიძის მისამართით საქებარი ეპითეტები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ის გამოცდილი დიპლომატია და ის მეცხრე მოწვევის პარლამენტს დააკლდება.
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ ორშაბათს განაცხადა, რომ დროებით მიდის პოლიტიკიდან და რომ არჩევნების მეორე ტურში ხსნის თავის კანდიდატურას. ალასანია საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს გორში იყრიდა.
არჩევნებიდან ერთ დღეში პარტია დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.
მეორე ტური ერთმანდატიანი 73 ოლქიდან 52-ში ჩატარდება. 21 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.