თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის შეთანხმების მოლაპარაკებები უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დეკემბრამდე დასრულდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ეს დეკემბრამდე უნდა მოგვარდეს“, — განაცხადა ორშაბათს ბროკმა საპარლამენტო კომიტეტის წევრთა კითხვებზე პასუხისას.
უფრო ადრე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს მანდატები წარუდგინეს, რაც უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის 180 დღის განმავლობაში 90 დღის ვადით ვიზების გაუქმებას გულისხმობს. მანამდე ანალოგიური მანდატი თავის წარმომადგენლებს ევროპარლამენტმა წარუდგინა.
ევროკავშირის საბჭო მოითხოვს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედება უვიზო რეჟიმის მოქმედების ახალი „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების პარალელურად უნდა მოხდეს. ამ მექანიზმის ამოქმედებას ევროკომისია თავისი ინიციატივით ან ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით შეძლებს. რიგი ევროპული საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს ზოგიერთი უთანხმოება აქვთ.
ევროკომისიამ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულეს. თუმცა, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირს ჯერ არ მიუღია.
უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი მათი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს უკვე მიმდინარე წელს შემოიღებს.