თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) დონეზე, წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა აღნიშნული წარმატება.
„მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე”, — თქვა კვირიკაშვილმა.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა სრული კონსენსუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ წევრი ქვეყნების პოზიცია ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის შეთანხმებულია. ამასთანავე შეხვედრაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას — სლოვაკეთს მიენიჭა მანდატი, რომლის საფუძველზეც გამართავს კონსულტაციებს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით. რის შემდეგაც ცვლილებას კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.
წევრ ქვეყნებს შორის დღეს მიღწეული შეთანხმება გადამწყვეტი ნაბიჯია ევროკავშირის საბჭოს მინისტრების საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხზე კენჭისყრის შემდეგ იქნება მიღებული.
„ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას”, — თქვა პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული.
„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას.
ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში”, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.