თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ავტოავარიიდან სამი თვის თავზე მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, ისინი კიდევ საჭიროებენ ხანგრძლივ და ძვირ მკურნალობას, უამბო Sputnik-ს მორაგბის ძმამ დადუ ლომინაძემ.
ავტოავარიამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სარაგბო კლუბ „ლელოს“ მოთამაშე გიორგი ლომინაძე მეუღლე ნუცა გუნცაძესთან ერთად ავტოკატასტროფაში მიმდინარე წლის ზაფხულში, 22 ივლისს მოჰყვა. ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. ადგილზე გარდაიცვალა სამი ადამიანი, აქედან ორი — ცოლ-ქმარი იყო, ხოლო მოგვიანებით, საავადმყოფოში დაიღუპა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.
„ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კრიტიკული მდგომარეობა აღარ არის. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ვერ გადარჩებოდნენ, ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთესად არიან“, — აღნიშნა დადუ ლომინაძემ.
ახლა ორივე მკურნალობას სახლში აგრძელებს, ურთიერთობენ ირგვლივმყოფებთან. გიორგი ჯერ ფეხზე ვერ დგება და ინვალიდის ეტლით სარგებლობს. შემდგომი კვლევებისთვის ნოემბერში მას ხელმეორედ წაიყვანენ თურქეთში.
ნუცას მდგომარეობა უფრო რთულია. მას პარალიზებული ჰქონდა ხელი და ფეხი ერთ მხარეს, მაგრამ ახლა უკეთესად ამოძრავებს მათ.
იმ შემთხვევაში, თუ მგრძნობელობა მთლიანად არ აღდგება, ექიმები იძულებული იქნებიან, ნერვის გადანერგვის ოპერაცია ჩაატარონ, სხვა შემთხვევაში ნუცას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამატებითი პრობლემები გაუჩნდება.
ამჟამად ნუცას ანალიზები საზღვარგარეთ სხვადასხვა კლინიკაშია გაგზავნილი. თვის ბოლოს ცნობილი გახდება, სად და როგორ უნდა განაგრძოს მან მკურნალობა.
ლომინაძის ოჯახმა ჯერჯერობით არ იცის, ზუსტად რამდენი თანხა იქნება საჭირო გიორგისა და ნუცას მკურნალობის გასაგრძელებლად.
„გიორგი ავარიაზე არ საუბრობს, მისთვის ეს ძალიან მძიმეა. როცა სამკურნალოდ თურქეთში ვიყავით, მე მოვუყევი გიორგისა და ნუცას ყველაფერი, რომ საკუთარი მდგომარეობა შეეფასებინათ. რასაკვირველია, მათთვის ძალზე მძიმეა, ისინი ახლაც ძალიან განიცდიან“, — აღნიშნა ლომინაძემ.
გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად 11 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გალა-კონცერტი გაიმართება სახელწოდებით „წამიერი ხმაური“. საღამოზე იცეკვებს თავად ნინო ანანიაშვილიც. გიორგის და კატო საბალეტო დასის წევრია.