თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს — საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყანაში დაახლოებით 17,1 მილიონი ბოთლი გაგზავნა, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
სულ საქართველომ 2016 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე გაიტანა 32,4 მილიონ ბოთლზე მეტი (0,75 ლ), რაც 35%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი — 154% (3 852 245 ბოთლი), უკრაინა — 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი — 60% (67 522), ბელარუსი — 51% (789 876), პოლონეთი — 47% (1 633 514), ესტონეთი — 43% (485 688), ყირგიზეთი — 39% (163 966), რუსეთი — 36% (17 056 936), გერმანია — 18% (223 862), იაპონია — 20% (134 808), აშშ — 5% (191 086) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 17056936 ბოთლი, ჩინეთი – 3852245, უკრაინა – 3457028, ყაზახეთი – 2535163 და პოლონეთი – 1633514.
ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 15%-ს აღწევს.
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარი იყო. ზრდამ 26,5% შეადგინა.