NDI: არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

გამოწერა
NDI წერს, რომ კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე დაადასტურეს არჩევნების შედეგები და ის, შესაბამისად, ყველამ უნდა აღიაროს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ძალადობის ფაქტებმა უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშში.

ხმის მიცემის პროცესი - Sputnik საქართველო
მოგერინიმ და ჰანმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი უწოდეს

„არჩევნების დღე, რომელიც მშვიდ გარემოში დაიწყო, ძალადობის ცალკეული შემთხვევებით დასრულდა… კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გაეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი და საარჩევნო უბნების უმეტესობაში ხმების დათვლამ მშვიდად და ორგანიზებულად ჩაიარა“, — ნათქვამია NDI-ს ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგ საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი შეფერხდა, ან შეჩერდა უმართავი, ზოგ შემთხვევაში კი აგრესიულად განწყობილ ადამიანთა ჯგუფების გამო.

„არჩევნებზე ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. ამან ჩრდილი მიაყენა იმ შრომას, რომელიც დღის პირველ ნახევარში გასწიეს ამომრჩევლებმა და საუბნო საარჩევნო კომისიებმა დემოკრატიისთვის. თუმცა, ამას, ერთი შეხედვით, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე“, — ნათქვამია ანგარიშში.

NDI წერს, რომ ხელისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიები, კანდიდატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული არიან, განმუხტონ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა მიერ გამოწვეული დაძაბულობა, რომ მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ შემდგომი ძალადობისგან.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, NDI წერს, რომ კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე დაადასტურეს ეს შედეგები და ის, შესაბამისად, ყველამ  უნდა აღიაროს.

არჩევნების მსვლელობას NDI-ს 23 წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0