თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს პარტია „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
„ლეიბორისტების“ ლიდერი საპარლამენტო არჩევნების ორი თვის შემდეგ ხელახლა გამართვის ინიციატივით გამოდის.
„ოლიგარქმა ივანიშვილმა, როგორც გვპირდებოდა, თავზეხელაღებულად გააყალბა გუშინდელი საპარლამენტო არჩევნები… გამოსავალი ამ სიტუაციიდან კიდევ არსებობს, ჩაშლილად გამოცხადდეს ჩატარებული არჩევნები და გაიმართოს ორი თვის თავზე ხელახალი არჩევნები, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა,“ — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, არც ერთი პარტია არ უნდა შევიდეს „ე.წ. პარლამენტში“ და ერთპარტიული პარლამენტი მსოფლიოს მიერ არალეგიტიმურად და არაკანონიერად იქნება მიჩნეული, საქართველოს ხელისუფლება კი იძულებული გახდება ჩაატაროს ხელახალი არჩევნები.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.
ამ დროისათვის პროპორციული სისტემით დათვლილია საარჩევნო უბნების 82,55%–ის მონაცემები. მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ამომრჩეველთა 49, 26%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ —26,46% უჭერს მხარს, ასეთია ცესკოს წინასწარი მონაცემები.
რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“ მან 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა და ხმების 3,12%-ის მოპოვება შეძლო.