თბილისი, 9 ოქტომბერი— Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. პარტიის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებელი შედეგით გაიმარჯვა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს”, — განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით 20 მაჟორიტარტული ოლქი „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიგო, ხოლო მეორე ტურების სიმრავლე განპირობებულია ძალიან მაღალი ბარიერით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა.
თამარ ჩუგოშვილი მარნეულში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მომხდარი ინციდენტი დროულად უნდა გამოიძიონ. აღნიშნულ ფაქტში მან „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.
„გვინდა გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს და დაზიანება მიაყენეს პოლიციის წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვართ, რომ დადგება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდნენ ინციდენტში“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებდნენ მონაწილეობას.
ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 70,48% —ის მონაცემები დაითვალა. ბოლო მონაცემებით, პროპორციული სისტემით მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს — 49,65%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26,63% აქვს.