თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველო“ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ საპარლამენტო არჩევნების შეფასებებს დადებითს უწოდებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გამართულ ბრიფინგზე.
"ამ მომენტისთვის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღის შეფასება გააკეთა… ყველა ორგანიზაციამ მოგვილოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება. არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გადადგმული დიდი ნაბიჯი,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართა, შეიძლება ითქვას თავისუფალი და სამართლიანი იყო, ასე შეაფასა ჩატარებული არჩევნები სუამის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (სუამი) გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებას, მისიის წევრების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, უპირატესად, მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა მას იდეალურს ვერ უწოდებ.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.
ამ დროისათვის პროპორციული სისტემით დათვლილია საარჩევნო უბნების 82,55%–ის მონაცემები. მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ამომრჩეველთა 49, 26%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ —26,46% უჭერს მხარს, ასეთია ცესკოს წინასწარი მონაცემები.
პარლამენტში შესასვლელად 5%–იანი ბარიერი გადალახა ბლოკმა „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ასევე პარტია „ირაკლი ალასანია თავისუფალ-დემოკრატებს“.