თბილისი, 9 ოქტომბერი— Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.
„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლების არჩევნებთან შედარებით, არის გაუარესებული და ეს ნათელია. ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე საყურადღებო დარღვევები დაფიქსირდა", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა მედია-ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ცაკლეულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგებისა და ხმის დათვლის პროცესისას დაფიქსირებულ დარღვევებს.
„დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი არაერთ შემთხვევაში ძირითადად უბნის გარე პერიმეტრზე უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა, რაც ძალადობრივ მოვლენებში გამოიხატებოდა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საია არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 500-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.
ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 70,48% —ის მონაცემები დაითვალა. ბოლო მონაცემებით, პროპორციული სისტემით მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს — 49,65%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26,63% აქვს.