თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები გამოაქვეყნა.
საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ხმები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ — 48.2-50%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 25.9-27.7%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-ატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ — 4.6%-5.2 %;
„ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“ — 4.3 – 4.9%;
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ 3.2-3.6%;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ — 2.9-3.3%;
„უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ — 1.4-1.6%.
„სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდა, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტეს. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მათ სრულად მიიღეს ინფორმაცია PVT უბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შაბათს შერეული სისტემით ჩატარდა — 77 დეპუტატს პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან ირჩევდნენ. „პარტიული“ ადგილებისთვის 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძვის. მათ, პარლამენტში მოსახვედრად, ამომრჩევლის ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ. მაჟორიტარმა კანდიდატმა კი 50%–ს + 1 ხმა უნდა მიიღოს.