თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ და უახლოეს პერიოდში შემდგომი მოქმედებების გეგმას წარმოადგენენ.
საქართველოს მთლ ტერიტორიაზე გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ საარჩევნო ხმების 49,26%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 26,46% აქვს მიღებული.
„ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს იყო ჩვენი საზოგადოების თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი, ეს არ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, ეს არ იყო თანასწორი საარჩევნო პირობები… ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 500 ათასი ხმა, რომლის დაცვაც უკვე მოვახერხეთ“, – განაცხადა ბრიფინგზე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
მან „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ უმძიმესი საარჩევნო გარემო შექმნა, მაინც მხარი დაუჭირეს პარტიას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, აღნიშნა ბოკერიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. სადეპუტატო მანდატისთვის 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძოდა.