კვირიკაშვილი: ენმ-ს საკუთარი ამომრჩეველი პროვოკაციებისა და კონფრონტაციის გზით მიჰყავს

© FB / "Georgian Dream"გიორგი კვირიკაშვილი ბრიფინგზე
გიორგი კვირიკაშვილი ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ №1 აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციებისა და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მინდა მოგილოცოთ: საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

საარჩევნო უბნები - Sputnik საქართველო
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და წვლილი მიუძღვის „გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარებაში. მისი თქმით, სწორედ ასე შეაფასა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არჩევნების მონიტორინგისა და აქტიური ჩართულობისათვის. მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ეუთოს შეფასება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური, რის მიზეზადაც უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერის დაწესება დაასახელა.

„ჩვენ სრულიად შეგნებულად ავწიეთ ბარიერი 50%-მდე, რათა დემოკრატიულობისა და  ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი. ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ“, — განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ინციდენტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დღეს, თუმცა, როგორც აღნიშნა, ისინი იყო „იმდენად მცირე, რომ გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე“.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების თაობაზე გაკეთებული შეფასებებისა ყოფილი მმართველი პარტია ცდილობს, საზოგადეობა შეცდომაში შეიყვანოს.

„საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციებისა და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს“, — განაცხადა მან.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ენმ-ის ლიდერების პოზიციას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან და ქვეყნის განვითარების ინტერესებთან.

ყველა ახალი ამბავი
0