თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის (RNC) იურისტები აშშ-ის პრეზიდენტობის პოსტზე დონალდ ტრამპის სხვა კანდიდატით შეცვლის შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა ტრამპი წასვლას არ აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით.
გუშინ RNC-ს თავმჯდომარე რინს პრიბასმა განაცხადა, რომ ტრამპის სახალხო დამცირება თანაპარტიელების მიერ არჩევნებზე რესპუბლიკელების გამარჯვების შანსებს საბოლოოდ დაასამარებს. მისი თქმით, კომიტეტს წინასაარჩევნო სტრატეგიის გადახედვისთვის 48 საათი აქვს, განუცხადა გამოცემას პარტიული ლიდერების მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ.
კომიტეტის იურისტები კანდიდატის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავენ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა, საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილი, ხოლო რიგ შტატებში ვადამდელი კენჭისყრა მიმდინარეობს.
„იურისტების არმია „№9 წესს“ სწავლობს, რომელიც საშუალებას იძლევა, წინა კანდიდატის თავისი ნებით წასვლის ან გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი კანდიდატი წამოაყენონ. ტრამპმა განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს, ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, პარტია მასთან მუშაობას აგრძელებს“, — განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რესპუბლიკელმა.
პარტიის ცენტრალურ აპარატში რეგიონულ ლიდერებს მოუწოდეს, განაგრძონ მიმდინარე კურსი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასკვნის გამოცემა. რესპუბლიკელების პრეს-მდივანმა არსებულ ვითარებაზე კომენტარი არ ისურვა.
მოგვიანებით სააგენტო „ასოშიეითედ პრესმა“ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია ორშაბათს, პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე შეიკრიბება, თუმცა, განხილვის თემა ჯერჯერობით დასახელებული არ არის.
უფრო ადრე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს 2005 წლის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ტრაბახობს, რომ ქალები მას ინტიმურ ადგილებზე ხელის მოკიდების ნებას აძლევენ, რადგან ის „ვარსკვლავია“.
მოგვიანებით მილიარდერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა პრიბასმა, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკელებისგან მაიკ პენსმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა ტრამპი გაკიცხეს.