თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. პატრიარქმა თავისი არჩევანი კრწანისის რაიონის მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა. უწმინდესი საარჩევნო უბანზე მეუფეებთან ერთად მივიდა.
”მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მოვუწოდებ ყველას, მთელ მოსახლეობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ღმერთმა დალოცოს საქართველო”, — ბრძანა უწმინდესმა.
შაბათს საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნებში 19 პოლიტიკური პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატი კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან აირჩევა.