ცესკოში 110 საჩივარი შევიდა

გამოწერა
საჩივრების ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 110 საჩივარი შევიდა, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. ამომრჩევლის გამოცხადება არჩევნებზე 51,63%–ია.

„საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 110 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა“, – განაცხადა მიქელაძემ.

არჩევნები. თბილისის ერთ–ერთი საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი: არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

საჩივრების ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა, აღნიშნა მან.

„საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს საინფორმაციო ცენტრი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ტელეფონზე 2 51 00 51, ასევე ონლაინ გვერდზე www.cesko.ge, აღნიშნა მან.

„ამ დროისთვის, მთელი დღის განმავლობაში შემოვიდა 2337 ზარი და 187 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამერიკული კომპანია GfK–ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად,  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 39,9%–ს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 32%–ს იღებს. კომპანია TNS Opinion–ის ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 53,8%, ხოლო ენმ–ს 19,5% აქვს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატი კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან აირჩევა. „პარტიული“ ადგილებისთვის 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძვის. მათ, პარლამენტში მოსახვედრად, ამომრჩევლის ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ. მაჟორიტარმა კანდიდატმა კი 50%–ს + 1 ხმა უნდა მიიღოს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0