სახალხო დამცველი: არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩევნები. თბილისის ერთ–ერთი საარჩევნო უბანი
არჩევნები. თბილისის ერთ–ერთი საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის დაწვრილებითი ანგარიში საზოგადოებას მოგვიანებით წარედგინება.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა და განაცხადა, რომ არჩევნებმა, დიდწილად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. ამომრჩევლის გამოცხადება არჩევნებზე 51,63%–ია.

„მოვუწოდებ არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ხელი შეუწყონ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. კენჭისყრის პროცესი, დიდწილად, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა“, – განაცხადა ნანუაშვილმა.  

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების უფლება არა აქვთ, ამიტომ ისინი იმყოფებოდნენ 919 უბნის, ასევე სასჯელაღსრულების ხუთი დაწესებულების, ერთი სამკურნალო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე და ინფორმაციას აგროვებდნენ ცხელი ხაზისა და მასმედიის წარმომადგენლების მეშვეობით.

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51,3%-მა მიიღო

ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევის ფაქტებსაც. ეს, ძირითადად ეხება საარჩევნო უბნების (12 უბანი) დაგვიანებით გახსნას, ბიულეტენების საკმარისი რაოდენობის არადროულ წარდგენას 16 საარჩევნო უბანზე და სხვა.

ნანუაშვილის განცხადებით, დეტალური ანგარიში დარღვევების თაობაზე საზოგადოებას სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურ ანგარიშში წარედგინება, რომელიც უფრო მოგვიანებით მომზადდება, მაგრამ მასში მაქსიმალურად ზუსტი მონაცემები და შეფასებები აისახება.

ამერიკული კომპანია GfK–ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად,  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 39,9%–ს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 32%–ს იღებს. კომპანია TNS Opinion–ის ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 53,8%, ხოლო ენმ–ს 19,5% აქვს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატი კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან აირჩევა. „პარტიული“ ადგილებისთვის 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძვის. მათ, პარლამენტში მოსახვედრად, ამომრჩევლის ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ. მაჟორიტარმა კანდიდატმა კი 50%–ს + 1 ხმა უნდა მიიღოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0