თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ბლოკის „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, მარნეულში ვითარების მოსაგვარებლად ყველა ზომა მიიღონ.
მასობრივი ჩხუბი მარნეულის რაიონის №48 საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანელია. ჩხუბში 200–მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. საარჩევნო უბანზე მინებია ჩამსხვრეული. სოფელ ყიზილ–აჯლოში, ვითარების სტაბილიზებისთვის, სპეცრაზმია მობილიზებული. ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. სპეცრაზმის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი მომხრე მოვიდეს არჩევნებზე და ის, რაც ახლა მარნეულში ხდება, ამის დადასტურებაც გახლავთ და მე მივმართავ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მარნეულში შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენი მომხრეების აქტიურობის შემთხვევაში, ჩვენ პოლიტიკურ სამარეში საბოლოოდ გავისტუმროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირი, რასაც ბოლო წლებია, ვებრძვით“.
არჩევნებში მონაწილეობენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობამ 42,05% შეადგინა.